“სასოწარკვეთასა და აგონიაში მყოფი მხარის ისტერიკა“ – ბაგრატიონის ადვოკატი გრუზინსკებზე

დავით ბაგრატიონის ინტერესების დამცველი ლევან ჩხეიძე, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახის ქმედებებს სასოწარკვეთილებასა და აგონიაში მყოფი მხარის ისტერიკას უწოდებს და მათ ცირკ „შაპიტოსთან“ აიგივებს.

როგორც ჩხეიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ნუგზარ სიხარულიძე, ვითომ ბაგრატიონმა სპექტაკლი „წამება დედოფლისა“ დადგა, რომელიც რეალურ ცხოვრებაში გადაიტანა.

“ჩვენი მოწინააღმდეგე მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ისეთივე სიმართლეა, როგორც დანარჩენი სხვა. პრაქტიკულად გუშინ, ჩვენ ვადევნებდით თვალს, აგონიაში მყოფი ადამიანების ისტერიკას. მათ იციან, რომ ორივე სასამართლო დავას სამარცხვინოდ აგებენ და გადაწყვიტეს, ამ ფორმით გადაფარონ შავი პიარი, რომელიც მათთვის კონტრპროდუქტიული გამოდგა. მოწინააღმდეგე მხარემ სპექტაკლი დადგა. ნუგზარ გრუზინსკი, ანას მამა, რეჟისორია. კინომსახიობთა თეატრში დადგმული აქვს სპექტაკლი “წამება დედოფლისა”. შესაბამისად, ეტყობა აქ გაჩნდა იდეა, რომ გრუზინსკის თავისი სპექტაკლი ცხოვრებაში გადმოეტანა”, – აცხადებს ადვოკატი. 

როგორც ლევან ჩხეიძე აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ძალიან წუხს, რომ ცირკ “შაპიტოს”  წარმოდგენაში უწევს მონაწილეობა. მოუწოდებს მათ შეწყვიტონ ასეთი ქმედებები, რადგან დღემდე, მათ მიერ წარმოებული პიარკამპანია, პოლიტიკური აქცია თუ სასამართლო დავა, კრახით მიდის.

რაც შეეხება ანა ბაგრატიონის ბრალდებას, რომ მასზე მეუღლე ძალადობდა, ადვოკატის განმარტებით, არ არსებობს იმის თეორიული პერსპექტივა, რომ ამ ბრალდებამ სისხლის სამართლის სფეროში გადაინაცვლოს და დავით ბაგრატიონის მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყოს.    

მსგავსი თემები