ოპოზიციამ, მოსამართლეობის კანდიდატი სიცრუეში გამოიჭირა – “არ მახსოვდა”, უპასუხა სილაგაძემ

პარლამენტში,  თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლესა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ პაატა სილაგაძეს უსმენენ, რომელიც საპარლამენტო ოპოზიციამ  სიცრუეში ამხილა. მოსამართლემ კი თავი იმით იმართლა, რომ „ეს“ მაშინ არ ახსოვდა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე სილაგაძის მოსამართლეობის მსურველთა სიაში მოხვედრით დაინტერესდა შემდეგი კითხვით მიმართა: „დეკემბერში, ბრძანდებოდით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის  სკანდალურ სიაში, რომელმაც სერიოზული ვნებათა ღელვა გამოიწვია.  როგორ აღმოჩნდით ამ სიაში, ვინ შემოგთავაზათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა, რა ფორმით და როგორ?“

პაატა სილაგაძე: „დეკემბერში, როდესაც საბჭოს გადაეცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურის წარდგენის ფუნქცია, დამიკავშირდა იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც მკითხა, ვფიქრობთ, წარგადგინოთ კანდიდატად და საწინააღმდეგო ხომ არაფერი გექნებოდა. შესაბამისად, არ უნდა მქონოდა საწინააღმდეგო, არაფერი, პირიქით, ჩავთვალე, რომ ეს პატივი იყო ჩემთვის. და დავეთანხმე“.

ოთარ კახიძე: მიქაუტაძე პირადად დაგიკავშირდათ?

პაატა სილაგაძე: დიახ.

ოთარ კახიძე: თქვენ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასაუბრებაზე აღნიშნეთ, რომ აპარატიდან დაგიკავშირდნენ, დღეს კი სხვა რამეს ამბობთ.

პაატა სილაგაძე: მაშინ, უცებ ვერ გავიხსენე ვინ დამიკავშირდა. მერე, რომ დავფიქრდი, მერე და მერე გამახსენდა რომ ეს იყო ბატონი გიორგი მიქაუტაძე.

კახიძის მორიგ კითხვაზე: თქვენ რატომ გამოგარჩიეს სხვა პირებისგან? სილაგაძემ უპასუხა, რომ არ იცის: “ეგ არ ვიცი უკვე. მე ადრე ვიყავი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და 10 წლიანი გამოცდილება მქონდა, ალბათ ეს იყო ერთ-ერთ მამოძრავებელი ძალა”.  

მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენა პარლამენტში ამ წუთებშიც გრძელდება.   

მსგავსი თემები