“მოსამართლეების შერჩევის ორივე პროცესი მხოლოდ დემოკრატიის იმიტაციაა” – ანა დოლიძე

“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის შედეგი გადაწყდება კულუარებში, გარიგებებისა და გარკვეული შეთანხმებების შედეგად. სწორედ ასე შემიქმნა ეს 20 კაციანი სია, რომელიც წავიდა პარლამენტში და ასე შეიქმნება, ის სიაც, რომელიც, საბოლოო ჯამში, განსაზღვრავს ვინ დაინიშნება უზენაესში,” – აღნიშნული განცხადება, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ანა დოლიძის განცხადებით, მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი, დემოკრატიის იმიტაციაა, რომლის უკან, პოლიტიკური ინტერესები დგას.

“ამ პროცესის ორივე საფეხური არის მხოლოდ დემოკრატიის იმიტაცია. მთელი ეს გამჭვირვალობის ელფერი, რომელიც ამ პროცესებს ჰქონდა, იუსტიციის საბჭოში და პარლამენტში დემოკრატიის თამაშია. ფასადური თამაშია, რომლის უკან პოლიტიკური ინტერესი და გარიგებაა. გასაუბრებას, რომელსაც “ქართული ოცნება” და მანამდე იუსტიციის საბჭო ატარებდა, ფასადური ხასიათი აქვს იმისთვის, რომ შემდეგ გვითხრან გამჭვირვალე პროცესიაო. ამ პროცესს უამრავი საერთაშორისო ორგანიზაცია და ქართველი ხალხი აკვირდებოდა. პროცესმა გვაჩვენა, რომ ბევრი მათგანი საერთოდ არ იმსახურებს მოსამართლის მანტიას,” – განაცხადა ანა დოლიძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

მისივე შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია ჩასაგდები იყო და არცერთი მათგანი იმსახურებს მანტიას. კითხვაზე, თუ რა შედეგით დასრულდება მოსამართლეების შერჩევის პროცესი, ანა დოლიძე პასუხობს, რომ ეს იქნება სასამართლო სისტემის უზურპაცია.

“მოწამლულ ხეს აქვს მხოლოდ მოწამლული ნაყოფი. მოწამლული ხე, ჯანმრთელ ნაყოფს ვერ გამოიღებს. ამ პროცესით არჩეული კანდიდატები ვერანაირად დაიმსახურებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მანტიას. ეს სია იყო ჩასაგდები და უკან დასაბრუნებელი,” – განაცხადა ანა დოლიძემ “მედიაცენტრ მთავარში”


მსგავსი თემები