ირაკლი ოქრუაშვილის საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება

20-21 ივნისს მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილის  საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს იწყება.

დღევანდელ სხდომაზე ოქრუაშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი იშუამდგომლებს მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმის სხვა ბრალდებულების საქმისგან გამოყოფის შესახებ.

მამუკა ჭაბაშვილის განმარტებით, ოქრუაშვილის საქმეს არანაირი შეხება არ აქვს გიორგი ჯავახიშვილსა და თორნიკე დათაშვილთან, რომლებიც ასევე დაკავებულები არიან 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით. დაცვის მხარისთვის გაუგებარია, რატომ ხდება სასამართლო პროცესის გაერთიანება.

გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს.

როგორც ირაკლი ოქრუაშვილის ასევე, საქმეზე ბრალდებული კიდევ ორი პირის სასამართლო პროცესი 14 საათზეა ჩანიშნული. „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა.

მსგავსი თემები