„მამუკა ხაზარაძეს იაფფასიანი ტყუილები ახასიათებს“ – მამუკა ბახტაძე

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მოთხოვნით, ხელშეკრულებაში 40-ზე მეტი ცვლილება შევიდა, პროექტის დაწყებიდან კი, სახელმწიფომ კონსორციუმს საკუთარი ვალდებულებების შესრულების დრო 7-ჯერ გადაუვადა” – აცხადებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელიც მამუკა ხაზარაძეს სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, მამუკა ხაზარაძე რეალობის დამახინჯებასა და მოდელირებას ცდილობს.

„წლების განმავლობაში, სწორედ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა ხელისუფლებას კონსორციუმის მიმართ, მაშინ, როდესაც კონსორციუმმა ვერ შეძლო პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი ვერც ერთი ძირითადი პირობის შესრულება. ასეთია რეალობა; რეალობა, რომლის დამახინჯებას და მოდელირებასაც უშედეგოდ ცდილობს მამუკა ხაზარაძე. უფრო მეტიც, მე ვიყავი მთავარი ლობისტი, რომ კონსორციუმს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან თანხების მოზიდვის შესაძლებლობა ჰქონოდა; ამასთანავე კი ყველა საერთაშორისო პლატფორმას ვიყენებდი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებისთვის. ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის აქტიური ჩართულობით, ევროკავშირმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) პრიორიტეტული პროექტების ნუსხაში შეიტანა“ – აცხადებს მამუკა ბახტაძე.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, მამუკა ხაზარაძეს იაფფასიანი ტყუილები ახასიათებს: „ვფიქრობ, ეს საკმაოდ მკაფიო და გასაგები პასუხია იმ სიცრუეზე, რითაც მამუკა ხაზარაძე საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. ზოგადად, როგორც ჩანს, მამუკა ხაზარაძეს ახასიათებს ასეთი იაფფასიანი ტყუილები“.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ხელშეკრულება გაუწყვიტა.  

მსგავსი თემები