“კორონავირუსის ვაქცინაზე მუშაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს” – საქართველოში ჩინეთის ელჩის განცხადება

საქართველოში ჩინეთის ელჩმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საზოგადოებას ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მიმდინარე პროცესები გააცნო.

ლი იანის განცხადებით, ჩინეთში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასწავლო პროცესის დაწყების თარიღმა გადაიწია. ამასთან, მისი თქმით, შეიქმნა ვაქცინების ექსპერტთა ჯგუფი და ვაქცინაზე მუშაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს.

“მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებსა და საბავშვო ბაღებში გადაიწია სწავლის გაგრძელების თარიღმა. დროებით შეჩერდა ქვეყნის შიდა და გარე ჯგუფური ტურიზმის ბიზნესი. მიმდინარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებულ პირთა სხეულის ტემპერატურის მონიტორინგი და ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება.

ჩინეთის 31 პროვინციაში, რეგიონსა და ქალაქში დაიწყო რეაგირება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებულ მდგომარეობაზე. მიმდინარეობს მუდმივი დაკვირვება ეპიდემიაზე, პაციენტების ინტენსიური მკურნალობა, ხოლო ის პერსონალი, ვისაც კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან, სამედიცინო შემოწმებას გადის სახლში, რათა თავიდან ავირიდოთ ვირუსის მეტად გავრცელების რისკი.

ამავდროულად მიმდინარეობს ინფორმაციის დროულად მიწოდება საზოგადოებისთვის. მათ, ვინც მოგზაურობს თვითმფრინავით ან მატარებლით შესაძლებლობა ექნება რეისის, ვაგონის ან სავარძლის ნომრით გადაამოწმონ ჰქონიათ თუ არა შეხება ინფიცირებულ პირთან.

ჯანდაცვის ეროვნულმა კომიტეტმა უმოკლეს დროში გამოაქვეყნა ეპიდემიის სტატისტიკა, განვითარების ტენდენციები და ინფორმაცია პრევენციის ზომების შესახებ. მედია მაქსიმალურად ხელს უწყობს ინფორმაციის გავრცელებას ეპიდემიის შესახებ და სწორ მიმართულებას აძლევს ხალხს.

მინდა ასევე აღვნიშნო კვლევითი ძალისხმევის გაზრდაც. ბოლო 70 წლის განმავლობაში სამეცნიერო და ტექნოლოგიურ სფეროში მიჩნეული შედეგების გამოყენებით, შეიქმნა ვაქცინების ექსპერტთა ჯგუფი, პათოგენის წარმატებით იდენტიფიცირებისა და ახალი ტიპის კორონავირუსის შტამის გამოყოფის მიზნით. შეუფერხებლად მიმდინარეობს ვაქცინაზე მუშაობა,” – განაცხადა ლი იანმა.

მსგავსი თემები