„კონსტიტუციის საწინააღმდეგო ჩანაწერს რეგლამენტში ვერ გავითვალისწინებთ“ – გურამ მაჭარაშვილი

“დღევანდელი მოცემულობით, ფრაქციის შესაქმნელად 6 პარლამენტის წევრის გაერთიანება არის საკმარისი. კონსტიტუციაში ცვლილებით ფრაქციის შექმნისთვის 7 პარლამენტის წევრის გაერთიანებაა საჭირო. ეს ჩანაწერი კონსტიტუციის 41-ე მუხლში არის, რომლის საწინააღმდეგოს რეგლამენტში ვერ გავითვალისწინებთ“, – აღნიშნული განმარტება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა. 

მისი თქმით, ერთი და იგივე პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ შექმნან მხოლოდ ერთი ფრაქცია.

„პარტიის მიერ კი არა, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ მოქალაქეს, რომელიც გახდა პარლამენტის წევრი, და ასეთი შეიძლება იყოს შვიდი – ამ შემთხვევაში, ამის საწინააღმდეგო არაფერია რეგლამენტში ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით. რაც შეეხება 1%-იან ბარიერს, ჩვენ ვიცით ეს რატომ გაკეთდა ერთჯერადად. კონსტიტუციის ცვლილებების დროს ფრაქციის შესაქმნელად პარლამენტის წევრთა რაოდენობა ექვსიდან შვიდამდე კი არ უნდა გაგვეზარდა არამედ, უნდა დაგვეწია სამზე. თუ ჩვენ ვთვლიდით, რომ 1%-იანი ბარიერის შემთხვევაში შეიძლება არსებობენ პოლიტიკური  პარტიები, რომლებმაც 2 ან 3 წევრი შეიყვანონ პარლამენტში, ამ შემთხვევაში, სხვა პარტიებთან ერთად შეიძლება რომ გაერთიანდნენ, ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ იმას, რომ სხვადასხვა იდეოლოგიის მქონე პარტიები, რომელთა ამომრჩევლებიც სხვადასხვა  პოლიტიკური შეხედულების და გემოვნების არიან, შესაძლოა ერთ ფრაქციაში მოიყარონ თავი, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ჩანაწერის პრინციპს, რომელიც ჩვენ მივიღეთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.​

მსგავსი თემები