“2020 წელს საქართველოს ბიუჯეტი მსოფლიო ეკონომიკაში ყველაზე ცუდი სცენარის განვითარებისთვის მზად არის” – ფინანსთა მინისტრი

“2020 წელს საქართველოს ბიუჯეტი მსოფლიო ეკონომიკაში ყველაზე ცუდი სცენარის განვითარებისთვის მზად არის”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ბუჯეტის ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

„მთელი ფილოსოფია, რომელიც ამ ბიუჯეტთან არის დაკავშირებული წარმოადგენდა იმას, რომ ჩვენ უნდა მოგვეზიდა მაქსიმალურად მეტი თანხა, რათა იმ გაურკვევლობის შემთხვევაში, რომელსაც შეეძლო უფრო მძიმე სურათი მოეტანა არა მარტო საქართველოში, არამედ გლობალურად, ჩვენ ვყოფილიყავით მომზადებულები. და ეს ამოცანა არის შესრულებული. ჩვენ პრაქტიკულად ყველაზე ცუდ სცენარისთვისაც, როგორითაც შეიძლება განვითარდეს მსოფლიო ეკონომიკა, მზად ვართ და საქართველოს ფისკალური და ბიუჯეტის კრიზისი 2020 წელს არ ემუქრება. ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით“, – განაცხადა მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ყველაზე ცუდი სცენარი მსოფლიოში არ განვითარდება და მდგომარეობა უფრო მსუბუქი იქნება. ამიტომ 2020 წლიდან საქართველოს ეკონომიკამ 2019 წლის მაჩვენებელთან დაბრუნება უნდა დაიწყოს, როცა ბიუჯეტი განვითარებასა და ეკონომიკურ და მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე იყო გათვლილი. ანტიკრიზისული ბიუჯეტში კი მთავარი აქცენტი სოციალური სტაბილურობა და ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან არიდებაა.

„ეს ბიუჯეტი იმიტომ არის კრიზისული, რომ არ შეიძლება ასეთი ბიუჯეტი წლების განმავლობაში არსებობდეს. ჩვენ შემდეგი წლიდან უნდა დავიწყოთ სვლა და დავუბრუნდეთ იმ პარამეტრებს, რასაც უკვე განვითარებაზე, მაკროეკონომიკურ და ფისკალურ სტაბილურობაზე აწყობილი ბიუჯეტი ჰქვია“, – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი თემები