“იუსტიციის საბჭო უნდა გადადგეს” – ეკა ბესელია დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება

პარლამენტის დეპუტატმა, იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარე ეკა ბესელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ იუსტიციის საბჭო უნდა გადადგეს და საბჭო ახალი შემადგენლობით დაკომპლექტდეს.

​მისი თქმით, საჭიროა ახალი კონსტიტუციური ცვლილება, რომელიც უვადოდ გამწესებულ მოსამართლეებსაც უნდა შეეხოს.

“ხალხს უნდა ვკითხოთ უჭერენ თუ არა მხარს მოსამართლეთა უვადო გამწესებას და კონსტიტუციური ცვლილება უნდა დავიწყოთ. ეს ცვლილება უნდა შეეხოთ მათ ვინც უკვე დანიშნულია. იუსტიციის საბჭო უსწრაფესად უნდა შეიცვალოს. ადამიანებმა, რომლებიც ძალადობას და სისასტიკეს ემსახურებოდნენ სასამართლო ხელისუფლება უნდა დატოვონ.  უზენაეს სასამართლოში ის მოსამართლეები უნდა გავამწესოთ, ვინც არ იყვნენ დაკავშირებულნი ძალადობრივ რეჟიმთან,” – განაცხადა ეკა ბესელიამ. 

მისივე თქმით, მმართველი გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მისთვის ადვილი არ იყო, თუმცა, მიაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება სწორია და ის ბრძოლას იმ ადამიანებთან ერთად განაგრძობს, რომლებსაც საკუთარი პრინციპებისთვის არასდროს უღალატიათ.

“ჩემი გადაწყვეტილება არის რთულიც და სამართლიანიც, მართებული და სწორი. ვაპირებ ბრძოლა გავაგრძელო ზუსტად და სწორედ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც არასდროს დაღლილა ამ ბრძოლაში, ვისაც არასდროს უღალატია ამ იდეალებისთვის, ვისაც არასდროს აურჩევია კომფორტი, თანამდებობა და არასდროს უთქვამს უარი საკუთარ პრინციპებზე. ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ, ჩვენ მივიყვანთ ბოლომდე იმ იდეალებს, რისთვისაც ამ ქვეყანაში პირველი ოქტომბერი მოვიდა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, პარლამენტში ის დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება და დაელოდება მისი კოლეგების გადაწყვეტილებას, რომლებსაც ასევე აქვთ პროტესტი ყველაფრის მიმართ, რაც მმართველი პარტიის შიგნით ხდება. ამის შემდეგ გადაწყდება შექმნის თუ არა ის ახალ პოლიტიკურ პლატფორმას. 

ჟურნალისტი მარიამ გელაშვილი

მსგავსი თემები