„ირაკლი ქორიძე ვანო ზარდიაშვილის პირადი პატიმარია“ – ადვოკატები დეპუტატის წინააღმდეგ

ადვოკატები ნონა ფილაური და დავით კოკოტაშვილი დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს სასამართლოზე ზეწოლაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ დაკავებული ირაკლი ქორიძე ზარდიაშვილის პირადი პატიმარია. აღნიშნული განცხადება ადვოკატებმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთეს და კონკრეტული ფაქტებიც დაასახელეს.

„ვანო ზარდიაშვილი არის ადამიანი, რომელიც, სავარაუდოდ კურირებს მართლმსაჯულების რეფორმას.  მას სერიოზული პრეტენზია აქვს ამ რეფორმის სწორად წარმართვაზე. ერთ-ერთ ტელევიზიის ეთერში, სადაც დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი სტუმრად იმყოფებოდა საკმაოდ უკანონო და უსამართლო განცხადება გააკეთა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ ირაკლი ქორიძეზე. კერძოდ, მან თქვა: მე მოვუწოდე სამართალდამცავ ორგანოებს, შეესწავლათ ირაკლი ქორიძის საქმე. იგი ადრე იყო დაკავებული 3 000 სუბოტექსის გამოო, რომ ქორიძე თურმე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ნათესავია, რომელიც ეკა ბესელიამ ამნისტიით გაათავისუფლაო. ეს ყველაფერი არის ტყუილი. მე მაქვს კითხვა – თუ ქორიძე მარგველაშვილის ნათესავი იყო, რაში სჭირდებოდა ამ საქმეს ეკა ბესელია?“, – აცხადებს ადვოკატი და  სასამართლოზე ზეწოლაზე საუბრობს.

როგორც ნონა ფილაურმა განაცხადა, დეპუტატის მსგავსი განცხადება სასამართლოზე პირდაპირი ზეწოლაა, რომელიც მოსამართლის გადაწყვეტილებაზე გავლენას მოახდენს.

„აშკარად ჩანს მიზანმიმართული ზეწოლა სასამართლოზე ბატონ ვანო ზარდიაშვილის მხრიდან, რამე თუ,  სააპელაციო სასამართლოში იხილება ქორიძის საქმე.  მოსამართლე არის გოჩა ჯეირანაშვილი. ეს ის მოსამართლეა, რომელიც მოსამართლეთა 20 კაციან სიაში მოხდა და რომელსაც სურვილი აქვს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდეს. როგორ ფიქრობთ, ვანო ზარდიაშვილის ეს განცხადება პირდაპირ დამოკიდებულებაში არის თუ არა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან? რა თქმა უნდა, არის. ვანო ზარდიაშვილი, ცალსახად და პირდაპირ უთითებს, რომ ის არის ნარკოდილერი,  არადა არცერთ შემთხვევაში არ დადასტურდა, რომ ქორიძე რეალიზატორია. როგორც ჩანს, ბატონ ვანოს შეკვეთა ჰქონდა, რომ  3 000 სუბოტექსი ჩაედოთ მისთვის, რომ უფრო კარგად დაეჯერებინა საზოგადოებას ქორიძის ნარკო დილერობა.  მე პირადად ვამბობ, ქორიძე არის ზარდიაშვილის პირადი პატიმარი. ის  არაერთხელ, საჯაროდ და ფარულადაც მოითხოვდა, ამ ადამიანის დასჯას. ის ცდილობს, ქორიძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოვიდეს“ – აღნიშნა ნონა ფილაურმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები