თბილისში პირველი ღია საჭიდაო არენა გაიხსნა და პირველ ტურნირს უმასპინძლა

პირველი ღია საჭიდაო არენა თბილისში, ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მოეწყო. არენა მრავალფუნქციურია და 500 მაყურებელს იტევს. ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხელშეწყობითა და ისნის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, არენაზე პირველი ტურნირი – „თბილისის ფალავანი 2018“ გაიმართა.

სპორტსმენები სამ წონით კატეგორიაში მონაწილეობდნენ. ტურნირში გამარჯვებული I, II და III ადგილის მფლობელი ფალავნები დიპლომებით, მედლებითა და ფასიანი ვაუჩერებით დასაჩუქრდნენ. ტურნირის საუკეთესო ფალავანს კი, ტრადიციულად ყოჩი გადაეცა.

ღონისძიების ფარგლებში, ქართული ჭიდაობის,რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა, ისტორიული საარქივო მასალების ფოტო-გამოფენაც მოეწყო.

ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე ილია ელოშვილი დაესწრო.

მისი თქმით, პირველი დიდი ქართველი ჩემპიონების თაობის გამარჯვების საფუძველში ქართული ჭიდაობის ელემენტები იყო, რითაც მათ შეძლეს, ქართული სპორტისთვის მსოფლიო აღიარება მოეტანათ.

“პირველი ქართული ჭიდაობის დარბაზი გაიხსნა, რომლის ანალოგი თბილისში არ არსებობს. ეს უდიდესი პროექტია იმისთვის, რომ ახალგაზრდებში არამხოლოდ ჯანსაღი და სპორტული  აღზრდის პრინციპები დავნერგოთ, არამედ მათ ჩვენი ტრადიციები ვაჩვენოთ“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.

პროექტის ფარგლებში, არენის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო სკვერი, სადაც მოსასვენებელი სკამები და ურნები განთავსდა, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა დეკორატიული ლამპიონებითა და კედლის ფერადი მინათებებით. სკვერში ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, განთავსდა საბავშვო ატრაქციონები. არენასა და სკვერში ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

საჭიდაო არენის მშენებლობისა და სკვერის მოწყობისთვის ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 353 313 ლარი დაიხარჯა.

ქართული საჭიდაო არენის გახსნის ღონისძიებას ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ახვლედიანი, თბილისის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ვალერი პარუნაშვილი, მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში გურამ თუშიშვილი, ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები დაესწრნენ.

მსგავსი თემები