თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის განახლებულ დოკუმენტს საკრებულო დღეს განიხილავს  

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებულ დოკუმენტზე დედაქალაქის საკრებულოში დღეს იმსჯელებენ. დაიწყება დოკუმენტის საჯარო და დეტალური განხილვები, გაანალიზება, კომისიურ და სხვა ფორმატში.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გენერალური გეგმა ინარჩუნებს თავის მთავარ პრინციპებს, მწვანე, შეკავშირებული ქალაქის კონცეფციას, რომელსაც ერთობლივი მუშაობის შედეგად დაემატა მედეგობის კომპონენტი. მაქსიმალურად აღმოიფხვრა ზონირების, რუკის და კერძო საკუთრებებთან დაკავშირებული ხარვეზები.

მისივე თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში დოკუმენტში დაზუსტდა გენერალური გეგმის განხორციელების გზები, ინსტრუმენტები, კვლევების და სტრატეგიული მიმართულებების დაგეგმვის ეტაპები.

„შედეგად, საკრებულოში შემოსულია მნიშვნელოვნად დახვეწილი დოკუმენტი, რომელმაც არსებითი როლი უნდა შეასრულოს ჩვენი ქალაქის გეგმაზომიერად განვითარებაში”, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

​​მისივე შეფასებით, ეს არის შეჯერებული დოკუმენტი, რომელშიც მაქსიმალურად არის აღმოფხვრილი ყველა ის ხარვეზი, რომელზეც კერძო თუ საჯარო ფორმატში არაერთხელ გაიმართა მსჯელობა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ მოუწოდა ოპოზიციას აქტიურად ჩაერთონ განხილვის პროცესში.

აღსანიშნავია, რომ გენერალურ გეგმაზე მუშაობა თბილისის მერიამ და ორგანიზაცია „სითი ინსტიტუტი – საქართველომ“ უკვე დაასრულეს.

მსგავსი თემები