ზვიად კუპრავა თავს ჯულიან ასანჟის ამპლუაში გრძნობს და დიპლომატებს დახმარებას სთხოვს 

“რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა, რომელსაც სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამო გირაო პატიმრობით შეეცვალა, ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს და გაერთიანებული ოპოზიციის ოფისს აფარებს თავს. იგი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ქვეყნის პარლამენტს მოუწოდებს, მისი საქმით დაინტერესდნენ.

როგორც კუპრავამ გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იგი  რეპრესიების მსხვერპლია. მოითხოვს, სასამართლოდან დაუყოვნებლივ გაიწვიონ მის მიმართ აღძრული ორივე საქმე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის საქართველოს ხელისუფლებას ჯულიან ასანჟის სახით მოევლინება. 

„მე ვარ რეპრესიული მანქანის და რეჟიმის მსხვერპლი. ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით ვიდევნები. ვარ საქართველოს მოქალაქე და მაქვს უფლება, ვიცხოვრო მშვიდად, არ ვიყო დევნის ობიექტი. გაერთიანებული ოპოზიიცის შტაბში იძულებით ვიმყოფები, რადგან არ მაქვს შესაძლებლობა, წავიდე სახლში და ვიყო ოჯახთან. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაიწვიეთ ორივე საქმე სასამართლოდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღებთ ასანჟს საქართველოში“, – განაცხადა ზვიად კუპრავამ ბრიფინგზე.

აღსანიშნავია, რომ ავსტრალიელი ჟურნალისტი და პუბლიცისტი, მსოფლიო საზოგადოებისთვის ცნობილი ინტერნეტ-საიტ ვიკილიქსის შემქმნელი ჯულიან ასანჟი, რომელიც წლებია ლონდონში, ეკვადორის საელჩოს აფარებს თავს, აშშ-ს ხელისუფლების მიერ, საიდუმლო სამსახურების არქივებიდან ამოღებული მასალების გამოქვეყნებისთვის იძებნება. 

ზვიად კუპრავა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი განკარგულების დაუმორჩილებლობის ფაქტზე ოთხ პირთან ერთად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის შარშან, ივნისში დააკავეს. სასამართლოს შენობაში იგი სამართალდამცველებს დაუპირისპირდა და მოსამართლის მიმართ უპატივცემულობა გამოავლინა, რის გამო ბრალი დაუმძიმდა.   მას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

მსგავსი თემები