ზაფხულის პერიოდში თბილისში, მუნიციპალური ავტობუსები ღამის საათებშიც იმოძრავებენ

თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების მიზნით, ივლისიდან მუნიციპალური ტრანსპორტი, მეტროსადგურ “ახმეტელიდან” სადგურ “ვარკეთილამდე” მთელი ღამის განმავლობაში, დილის 6 საათამდე იმოძრავებს.

როგორც ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, მარშრუტი იმგვარად უნდა შემუშავდეს, რომ დედაქალაქის ტურისტული კერები დააკავშიროს ერთმანეთთან, კერძოდ, პირველი რესპუბლიკის მოედანი, თავისუფლების მოედანი, შემდეგ მარშრუტი გაუყვება მდინარე მტკვრის სანაპიროს, გავლის აბანოთუბანს. მეტროსადგურ „ავლაბართან“ იქნება ერთ-ერთი ჰაბი და ამის შემდეგ დაუკავშირდება ვარკეთილს.

მისივე თქმით, ავტობუსები 00:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე კონკრეტულ მარშრუტებზე – აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე მაშინ იმოძრავებენ, როცა დედაქალაქის მიწისქვეშა ტრანსპორტი არ იმუშავებს.

​”როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, შეუძლებელია ერთი გაბმული მარშრუტი იყოს. ამიტომ საჭირო იქნება გარკვეული ლოჯისტიკის შექმნა. თავიდან მხოლოდ პარასკევი, შაბათი და კვირით შემოვიფარგლებით“, – აცხადებს გვარჯალაძე და დასძენს, რომ ტრანსპორტის ღამით, ნახევარსაათიანი ინტერვალით მოძრაობა ივლისის ბოლოდან უნდა დაიწყოს და ოქტომბრამდე გაგრძელდეს.

მედიაცენტრ “მთავარის” კითხვაზე, შეხვდებიან თუ არა ასეთ სიახლეს დადებითად კერძო ტაქსის მფლობელები, რომელთა უმეტესობა ღამის საათებში გამოდის სამუშაოდ,
არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” ხელმძღვანელი გელა კვაშილავა აცხადევს, რომ დედაქალაქში ღამის ობიექტები თუ იქნება, ბუნებრივია საზოგადოებრივი ტრანსპორტიც უნდა იყოს, ყველამ რომ შეძლოს სარგებლობა.
​მისივე თქმით, ტაქსიზე მოთხოვნილება მაინც დარჩება. შესაბამისად, ღამის საათებში ავტობუსებიც დიდი ინტერვალით იმოძრავებენ, საშუალოდ საათში ერთხელ. 

მსგავსი თემები