ვინც მინისტრობას ვერ შეინარჩუნებს, შესაძლოა, სახელმწიფო მდივნობა შესთავაზონ

სამინისტროების გაერთიანების შემთხვევაში, მინისტრის სავარძელს მიღმა დარჩენილ ყოფილ მინისტრებს შესაძლოა, სახელმწიფო მდივნობა შესთავაზონ. აღნიშნული პოზიცია აპოლიტიკური იქნება და კონკრეტული დარგის ყოფილი მინისტრი კონკრეტული დარგის ე.წ. მენეჯერი გახდება.

აღნიშნული  პოზიციის  შემოღებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობაში აქტიურად მსჯელობენ.  დეპუტატების განცხადებით, ამ ეტაპისთვის კონკრეტული, შეჯერებული პოზიცია ჩამოყალიბებული არ არის. ცნობილია მხოლოდ ერთი, საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ქვეყანას არა ერთი, არამედ რამდენიმე სახელმწიფო მდივანი ეყოლება.

ასევე, განსახილველი თემაა, თუ როგორ მოხდება სახელმწიფო მდივნის პოზიციის  დაკავება –  არჩევით თუ დანიშვნით.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებს, შესაძლებელია სახელმწიფო მდივნები  სხვადასხვა მიმართულებით გვყავდეს: „ სახელმწიფო მდივნის პოზიცია ძალიან ბევრ, ევროპის დემოკრატიულ  ქვეყანაში არსებობს. ამაში იგულისხმება, რომ სამინისტროებში მინისტრი დარჩეს პოლიტიკურ ფიგურად, მის ქვემოთ კი სახელმწიფო მინისტრი. არ არის გამორიცხული რამდენიმე სახელმწიფო მინისტრი გვყავდეს. მაგალითად, საგარეო საქმეთა მიმართულებით, ინტერგაციის მიმართულებით და სხვა“.

 

მსგავსი თემები