„ეს სწავლება უფრო იყო, ვიდრე დაშლის ღონისძიება…უგულავა-ვაშაძე ოხლოკრატიის დამკვიდრებას ცდილობენ “ – სიმონ ნოზაძე   

საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე პარლამენტის წინ მომიტინგეების დაშლას ტერიტორიიდან გაყვანის ოპერაციად აფასებს და აცხადებს, რომ პოლიციამ პროფესიონალიზმი გამოიჩინა.

„პოლიციამ უკიდურესად კომპეტენტურად იმუშავა. ეს სწავლება უფრო იყო ვიდრე გაყვანის ღონისძიება“ – ეს განცხადება სიმონ ნოზაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

მისივე შეფასებით, რაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, ეს იყო 3 სკოლის ჭიდილი.

„ეს იყო სპეცსამსახურების სამი სკოლის ჭიდილი. ერთი მხრივ, ეს იყო გიგი უგულავა, როგორც უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე, ბატონი გრიგოლ ვაშაძე, როგორც რუსეთის „ფეგეოს“ აღზრდილი და მეორე მხრივ, იყო ვახტანგ გომელაური როგორც „სეკრეტ სერვისის“ ამერიკული სპეცსამსახურების ინსტრუქტორების მიერ მომზადებული ამერიკული სკოლის წარმომადგენელი. ჩემის აზრით, ამერიკული სკოლის წარმომადგენელმა გაცილებით კარგად იმუშავა“ – განაცხადა  სიმონ ნოზაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე შეფასებით, სახეზე იყო ორი, თითქოს სოლიდური პოლიტიკოსის – ბატონი ვაშაძისა და უგულავას არაადეკვატურ საქციელი: „უგულავა ცდილობდა, რაიმე დაზიანება მიეღო და ეძებდა მიზეზს, დაეკავებინათ და ვაშაძე იქცეოდა ისე როგორც მის ტიპაჟს არ შეეფერება. მგონია, ორივე მიზეზს ეძებდა, რომ დაეძაბა სიტუაცია. არსებობს ასეთი ოხლოკრატია, ესა არის ბრბოს ფსიქოლოგია, ბრბოს მმართველობა. მგონია, ბატონი უგულავა და ვაშაძე ცდილობდნენ, რომ ოხროკრატიული განწყობა და სისტემა შემოეტანათ პოლიტიკურ სპექტრში“ – განაცხადა სიმონ ნოზაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.  

მსგავსი თემები