“ეს არის სასოწარკვეთილი, განწირული ადამიანის ალოგიკური საქციელი” – სამეფო ოჯახის კიდევ ერთი სკანდალი

ბაგრატიონების ოჯახი კვლავ ახალ სკანდალში ეხვევა, სამეფო ტახტის მემკვიდრე ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი წლების შემდეგ აცხადებს, რომ ყოფილი მეუღლის, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მხრიდან ძალადობისა და ტერორის მსხვერპლი იყო.

ანა ბაგრატიონის მტკიცებით, ყოფილი მეუღლე მას ფიზიკურად 2014 წლის 9 მაისს გაუსწორდა.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მონათხრობის მიხედვით მას ქმარმა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემა. ქალს სახეზე და სხეულზე დაზიანებები ეტყობოდა, რის გამოც მეუღლემ ორი დღის განმავლობაში საგურამოდან თბილისში არ გაუშვა.

აღნიშნულს გრუზინსკების ოჯახის ადვოკატიც ადასტურებს. როგორც ლევან გორელიშვილი “მედიაცენტრ მთავართან” აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ
ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ქორწინების განმავლობაში ქმარი ხშირად სცემდა, მას პოლიციისთვის არასდროს მიუმართვს.

“არ ვაპირებთ, მივმართოთ პროკურატურას, ანას თვითმიზანი არ არის, მისი შვილის მამა პროკურატურაში დაიბარონ და ციხეში ჩასვან. ამიტომ არ მიმართა მაშინ პროკურატურას და არც ახლა აპირებს ამის გაკეთებას”- განაცხადა გორელაშვილმა “მთავართან.”

მისივე თქმით, ბოლო ფიზიკური თავდასხმის შემდეგ, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, ანა ბაგრატიონმა ოჯახის დაჟინებული მოთხოვნით მიმართა.

ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ დაზიანებები ემთხვევა შესამოწმებელი პირის მიერ მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს. დასკვნას თან ახლავს
ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მიერ ექიმისთვის მონათხრობი.

დოკუმენტში წერია, რომ 2014 წლის 9 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ურტყამდა მუშტებს, გაშლილ ხელს, ფეხებს თავში და სხეულზე. ტრავმის მიღების მომენტში დაკარგა თუ არა გონება არ ახსოვს, ჰქონდა გულის რევის შეგრძნება.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ამ განცხადებას პანიკის და აგონიის შედეგს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს არის სასოწარკვეთილებაში მყოფი განწირული ადამიანის ალოგიკური საქციელი და მოწინააღმდეგე მხარის წინააღმდეგ მიმართული შავი პიარი.

როგორც ლევან ჩხეიძე “მედიაცენტრ მთავართან” აცხადებს, გრუზინსკების მხარე რეალურად აგებს წამოწყებულ პროცესს, რაც მათ პანიკისა და აგონიის საფუძველს აძლევთ.

“რატომ საჯაროვდება ეს ინფორმაცია დღეს? 5 წელი რას ელოდებოდა მოწინააღმდეგე მხარე? მოწინააღმდეგე მხარე რეალურად აგებს ორივე წამოწყებულ პროცესს, ქონებრივი დავის ნაწილშიც და ე. წ. ტუტულების გადანაწილების ნაწილშიც და ამიტომაც მათ მიიღეს კონტრპროდუქტიული შედეგი ამ შავი პიარიდან, ანუ პრაქტიკულად მოახდინეს საკუთარი თავის დისკრედიტაცია. ეს არის სასოწარკვეთილებაში მყოფი განწირული ადამიანის ალოგიკური საქციელი, პანიკის და აგონიის შედეგი.

ეს არის პირდაპირ გამიზნული ცილისწამება და შავი პიარი, რომელიც მიმართულია ჩემი მარწმუნებლის პატივისა და ღირსების შესალახად, “- აღნიშნავს ლევან ჩხეიძე მთავართან.

უფლებადამცველი აცხადებს, რომ თუ აღნიშნული ფაქტი მართლაც მოხდა და ამის შესახებ მოწმეებმა არ განაცხადეს, ესეც დანაშაულია.

“ასევე მიჩნდება შეკითხვა იმ „მოწმეებთან”, რომლებიც თითქოს დღეს გამოჩნდნენ, თუ ხუთი წლის განმავლობაში იცოდნენ აღნიშნული ფაქტის შესახებ, რაც თავისთავად წარმოადგენს კრიმინალს, რატომ არ გამოცხადდნენ სამართალდამცავ დაწესებულებებში და რატომ არ განაცხადეს, ან რატომ არიან დღეს მზად, მისცენ ჩვენება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით?” – აცხადებს ადვოკატი.

მისივე თქმით, მას შემდეგ რაც წყვილი ესპანეთიდან საქართველოში დაბრუნდა, ცხოვრობდნენ ცალ-ცალკე.

“ჯერ ესპანეთშიც წელიწადნახევარი ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ და საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ქალბატონ ანას დავითის სახლში ერთი დღეც არ გაუთენებია”, – განაცხადა ლევან გორელიშვილმა “მთავართან”.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ აღნიშნულ პერიოდში ანა ბაგრატიონი ყოფილ მეუღლესთან თუნდაც ერთი დღით იმყოფებოდა, მტკნარი სიცრუეა.

მსგავსი თემები