სასამართლომ 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა პატიმრობაში დატოვა

რუსთავის საქალაქო სასამართლოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე დაკავებული, არასრულწლოვნის დედისა და ბიძის წინასასამართლო სხდომა გაიმართა.

ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვეს, თუმცა მოსამართლე მადონა მაისურაძემ ორივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

მოკლული გოგოს დედის, ეგანა მაგამაროვას ადვოკატი გირაოს სახით 5 000-დან 10 000 ლარამდე ოდენობის თანხას სთავაზობდა სასამართლოს, ხოლო ბიძის, ნატიგ მაგამაროვის ადვოკატი 3 000-დან 10 000 ლარამდე ოდენობის თანხას.

დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე მადონა მაისურაძემ ასევე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო.

პროკურატურის მოთხოვნით, მოსამართლე მადონა მაისურაძემ ბრალდებულებს, ეგანა მაგარამოვასა და ნატიკ მაგარამოვს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა 11 ოქტომბერს შეუფარდა.

მოკლული აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალს არ აღიარებდნენ და სხდომაზე აცხადებდნენ, რომ გოგონა საკუთარი სურვილით, ყოველგვარი იძულების გარეშე გათხოვდა.

აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებული ასიმ ასლანოვი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა ის რამდენიმე დღეში დააკავეს. გამოძიების ცნობით, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ე“, „თ“ და „კ“’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ საგარეჯოს სოფელ ლამბალოში 14 წლის აითაჯ შახმაროვა 6 ოქტომბერს მოკლეს. მოკლული არასრულწლოვანი წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან იყო.

მსგავსი თემები