ერეკლე ბადურაშვილის მოულოდნელი გარდაცვალების გამო, “ხიდის” გადაღებები არ შეჩერდება

ცნობილი ქართული სერიალის – “ცხელი ძაღლის” რეჟისორი, სს “ქართული ფილმის” დირექტორთა საბჭოს წევრი, დირექტორი, ერეკლე ბადურაშვილი მოულოდნელად, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მაყურებლისთვის ცნობილია ერეკლე ბადურაშვილის ფილმები: “ავტოპორტრეტი”, “თბილისი ჩემი სახლია”, “ერთი ქართული ისტორია”, “ცოდვის დღესასწაული”, სერიალი “ცხელი ძაღლი” და სხვა.

მას დასამთავრებელი დარჩა ქართულ – თურქული კინოპროდუქცია, სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, “ხიდი”, რომელზეც უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში მუშაობდა. ფილმის ბოლო ერთკვირიანი გადაღება 5 აპრილიდან 12 აპრილამდე იყო ჩანიშნული და ელოდა მსახიობებს თურქეთიდან.

კინოსტუდია “ქართულ ფილმში” მწუხარებას გამოთქვამენ ცნობილი რეჟისორის გარდაცვალების გამო და აცხადებენ, რომ მის დაწყებულ ფილმს ღირსეულად დაასრულებენ. 

აღსანიშნავია, რომ ქართულ-თურქულ პროექტში მთავარ როლს რეჟისორის ქალიშვილი ნინი ბადურაშვილი ასრულებს, ხოლო პარტნიორობას მას, ცნობილი თურქი მსახიობი ემრე კიზილირმაკი უწევს, რომელიც ქართველ მაყურებელს სერიალ „შავი ფული და სიყვარულში“  ლევენთის როლიდან ახსოვს.  თავდაპირველად ფილმში მთავარი როლი სხვა ცნობილ თურქ მსახიობს, სერიალში – “სიყვარული და სასჯელი”, მთავარი როლის შემსრულებელ მურატ ილდირიმს უნდა ეთამაშა.

ფილმი „ხიდი“ ეროვნული კინოცენტრის გამარჯვებული პროექტია და მისი ბიუჯეტი 930 000 დოლარს შეადგენს. ფილმი მოგვითხრობს ძმების, ზურასა და დაუდის ისტორიას, რომლებიც ორ სხვადასხვა ქვეყანაში დაბადებული ერთი მამის შვილები არიან. ზურასა და დაუდის მამის არქიტექტორი დავით გოგიტიძის ოცნება იყო თურქეთ-საქართველოს საზღვარზე აეშენებინა ხიდი, რომელიც ორ მეზობელ სახელმწიფოს ერთმანეთთან დააკავშირებდა, მაგრამ ამის განხორციელება არ დასცალდა.

ფილმის სცენარი ოთარ პერტახიამ დაწერა, ხოლო მუსიკა მუსიკოს დათო ევგენიძეს ეკუთვნის.

შორენა პაპაშვილი

მსგავსი თემები