ეკლესიები მიგდებულია ადგილობრივი მამაოების იმედად – ხელოვნებათმცოდნე გერგეტის სამებაში მიმდინარე სამუშაოებზე

​ხელოვნებათმცოდნე ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, გერგეტის სამების ტაძარში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს ეხმიანება და აცხადებს, რომ სახელმწიფოს არ აქვს შემუშავებული ძეგლთა დაცვის საერთო სტანდარტი, რის გამოც ეკლესიები მიგდებულია ადგილობრივი მამაოების, უბიუჯეტო ეკლესიების, შემთხვევითი შემწირველებისა და უცოდინარი შემსრულებლების იმედად.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა განუცხადა, გერგეტის სამების ტაძარის შემთხვევა კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს კულტურული მემკვიდრეობის საერთო სახელმწიფო ქსელის შექმნას, რეგიონალური სამსახურების გამართვას და ყველაფერი კვლავ თბილისში იყრის თავს, როგორც ეს საბჭოთა პერიოდში იყო. რეგიონებში წარმომადგენლობა არ ფართოვდება და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე არავინ ზრუნავს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოში არ არსებობს მონიტორინგის სისტემა და რეგიონებში ვისაც რა სურს, შეუძლია ის აკეთოს. შესაბამისად ხარისხის სტანდარტი ჩამოდის ძალიან დაბლა.

ხელოვნებათმცოდნის მოსაზრებით, სახელმწიფო დროს უნდა უსწრებდეს და განსაზღვრავდეს ისტორიულ ნაგებობასთან თანამედროვე მოთხოვნების ჰარმონიულ შერწყმას. თუ როგორი უნდა იყოს გათბობის და გაგრილების სისტემა ძველ ნაგებობებში, როგორ უნდა შეჰქონდეთ ტაძრის ინტერიერსა და ექსტერიერში თანამედროვე აქსესუარები, როგორი უნდა იყოს მთლიანად სამონასტრო ცხოვრებისთვის საჭირო ყოფისა და ძეგლთა დაცვის მოთხოვნების შეფარდება ერთმანეთთან,


“თბილისიდან ვერ გაიცემა კვალიფიციური რეკომენდაციები, ამის მაგალითია გერგეთის სამება. სახელმწიფოს, გარდა იმისა, რომ სამწუხაროდ არ აქვს საერთო ხედვა, გასცემს წერტილოვან ნებართვებს, რომელიც აპრიორი ცხადია, რომ არ იქნება ძეგლისთვის თავსებადი და იქნება ძალიან ცუდი იატაკი, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ გერგეთის სამებას. იმიტომ რომ ის არის სხვა რეგიონიდან წაღებული ქვა, არასაკმარისი სისქის, სულ სხვა თვისებების, ვიდრე არის იქაური ბუნება და არქიტექტურა. ტაძრის ინტერიერისთვის ის ქვა იქნება უცხო, ბრჭყვიალა, სულ სხვა ფერის და ვერ მოთავსდება იმ ერთიანობაში, რომელიც ბუნებასა და ადამიანს შორის ამ რეგიონში საუკუნეების მანძილზე შეიქმნა. აქედან გამომდინარე მივიღებთ იმას, რაც მივიღეთ. ​ნებართვა არსებობს და საქმე კეთდება ცუდად”, – აცხადებს ნიკოლოზ ვაჩეიშვილი.

​აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტომასალა, სადაც ასახულია გერგეთის სამებაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები. ტაძარში შეჰყავთ გათბობის სისტემა რის გამოც აიყარა ძველი ფილები და ახლის დაგება იგეგმება.


​ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით განმარტება გააკეთა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ. მათი ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოები მათი ნებართვის მიმდინარეობს და საუბარია ზამთრის სეზონზე ტაძრის 17 – 18 გრადუსამდე გათბობაზე, რაც არც კედლის მხატვრობას და არც ტაძრის არქიტექტურას საფრთხეს არ უქმნის.
​რაც შეეხება ტაძრის იატაკზე დასაგებ ფილებს, მისივე თქმით, ახალი იატაკი მაქსიმალურად იქნება მისადაგებული მის ავთენტურ წყობასთან.

ტაძარს რესტავრაცია 2003 წელს ჩაუტარდა.
როგორც “მთავარს” კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში განუცხადეს, ტაძარში იატაკქვეშა გათბობის მოწყობის სამუშაოებს ამჟამად იმ არქიტექტორ–რესტავრატორთა ჯგუფი ახორციელებს, რომელმაც ტაძრის იატაკი 2003 წელს დააგეს.

“სამუშაოები გულისხმობს ძველი, 2003 წელს მოწყობილი იატაკის აღებას და მის ადგილას, ბუნებრივი ქვით, ბოდბის ქვით 3-სანტიმეტრიანი სისქის იატაკის მოწყობას”, – განმარტავენ სააგენტოში.

ავტორი: შორენა პაპაშვილი

მსგავსი თემები