ტყიბულის შატხაში მომხდარი ტრაგედია ადამიანურ ფაქტორებს უკავშირდება – საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა

მაღალკვალიფიციურმა საერთაშორისო ექსპერტებმა, რომლებმაც ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში იმუშავეს, დასკვნა დადეს. კვლევის ფარგლებში მათ შეისწავლეს  ქვანახშირის მოპოვების სამთო-გეოლოგიური და სამთო ტექნიკური პირობები, 2018 წლის 5 აპრილს ღამით მომხდარი ავარიის წარმოშობის გარემოებები და მიზეზები.  მოკვლევის შედეგად 21 გვერდიანი დასკვნა მომზადდა, რომელშიც საუბარია  შახტაში მომხდარ უბედური შემთხვევის მიზეზებზე.

„ მიუხედავად ხელისშემშლელი ფაქტორებისა, ანგარიშით იკვეთება მნიშვნელოვანი საკითხები, დასკვნის შედეგად შეიძლება დასკვნების გაკეთება იმის შესახებ, რომ 2018 წლის 5 აპრილს მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზები არ უნდა ვეძებოთ სამთო დარტყმასა და სხვა ბუნებრივ მოვლენებში, არამედ უფრო მეტად იკვეთება ადამიანური გადაცდომის შესაძლებლობები ნახშირმოპოვებითი უბნის მომზადების, სავენტილაციო და შრომის უსაფრთხოების სისტემის გამართვის, შრომის ორგანიზების, საამფეთქებლო სამუშაოების წარმოების და ა. შ. პროცესებში. კვლევის პროცესის დასრულების მომენტისთვის არსებობს პასუხგაუცემელი შეკითხვები, რომელთა საბოლოო დადგენა და მომხდარის ზუსტი მიზეზების გამოკვეთა საგამოძიებო ორგანოების პრეროგატივად რჩება, რადგან ცვლის უფროსის ჩანაწერებთან, ტექნიკურ და სამედიცინო დასკვნებთან, ასევე სხვა ყველა საჭირო დოკუმენტაციასთან წვდომა საგამოძიებო ორგანოებს აქვთ“, – აცხადებენ „საქართველოს პროფკავშირებში“.

დასკვნის მიხედვით, ვარაუდით ავარიის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა, სწორედ საამფეთქებლო სამუშაოების არასწორად განხორციელება ყოფილიყო.

„უკრაინელ ექსპერტთა ვარაუდით, ავარიის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა, სწორედ საამფეთქებლო სამუშაოების არასწორად განხორციელება ყოფილიყო. ასევე დასადგენია, იმ დროს, როდესაც ცვლის შეცვლის პერიოდი არ იყო, ყველა გარდაცვლილი და დაშავებული მეშახტე რატომ იმყოფებოდა ერთ კონკრეტულ ადგილზე. გამოძიებას ექნება საშუალება, ნახოს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით. ის ფაქტი, გარდაცვლილებს აღენიშნებათ მხოლოდ მექანიკური დაზიანებები თუ ამასთან ერთად აქვთ დამწვრობის კვალიც, საგრძნობლად დაავიწროებს მომხდარის სავარაუდო ვერსიების რაოდენობას. მომხდარი საწარმო შემთხვევის შემდეგ, კონკრეტულად შემთხვევის ადგილიდან ხმოვანი და ტექნიკური ინფორმაციის მიღების მიზნით, კარგი იქნებოდა ზოგიერთი უცხოური პრაქტიკის გაზიარება და ე.წ. ,,მეხსიერების მყარი ყუთების“ დამონტაჟება მიწისქვეშა სამუშაოების წარმოების ადგილებში. ყოველივე ზემოთქმულის შესაბამისად შეიძლება შემდეგი დასკვნის გამოტანა, რომ მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით პრევენციულ ღონისძიებებად, არა ნახშირის მოპოვების შეჩერება და საწარმოს დახურვა, არამედ შრომის უსაფრთხოების სრულყოფილი სისტემის და სამუშაოთა წარმოებისთვის აუცილებელი მკაცრი დისციპლინის დანერგვა უნდა განიხილებოდეს“, – ნათქვამია პროფესიული კავშირების გაერთიანების განცხადებაში.

შახტის ადმინისტრაციას კონკრეტული რეკომენდაციებიც გაუგზავნეს, რომლის შესრულება დასაქმებულთა უსაფრთხოებისთვის აუცილებელია.

მსგავსი თემები