„არჩევნების მოგებას გარდა პირადი რეიტინგისა, პარტიული რესურსი სჭირდება“ – დიმიტრი ხუნდაძე გიორგი მარგველაშვილზე 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება  და მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ  ეს განცხადება საკუთარი თავის წარმოჩენას უფრო ემსახურება, ვიდრე რეალობის ასახვას. დეპუტატის თქმით, არჩევნების მოგებას გარდა პირადი რეიტინგისა, პარტიული და ადამიანური რესურსი სჭირდება;

-„როგორც ჩანს, გიორგი მარგველაშვილი აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და ბუნებრივია, ის მთავარ კონკურენტად, ისე, როგორც ყველა კანდიდატი, სახელისუფლებო კანდიდატს მიიჩნევს. მისი განცხადება რეალობას არ შეესაბამება. აღარაფერს ვამბობ შეურაცხმყოფელ სიტყვებზე, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის ნებისმიერი კონკურენციისას. ვინც არ უნდა იყოს „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, გიორგი მარგველაშვილს არა აქვს ის რეიტინგი, რომ მას კონკურენცია გაუწიოს. გარდა პირადი რეიტინგისა, არჩევნების მოგებას პარტიული და ადამიანური რესურსი სჭირდება.  პრეზიდენტის განცხადება საკუთარი თავისადმი მნიშვნელობის მინიჭებას უფრო ემსახურებოდა, ვიდრე რეალობის აღქმას. მას რა თქმა უნდა, აქვს არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება, მაგრამ წარმატებაზე საუბარი არარეალურია,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

მსგავსი თემები