გაფრთხილება სიღნაღში ჩამსვლელ დამსვენებლებს – ნუ მიხვალთ „მემფის პალასში“

ქართველი დამსვენებელი, რომელსაც სიღნაღში უსიამოვნო ინცინდენტი შეემთხვა, თანამოქალაქეებსა და ტურისტებს საკუთარ ისტორიას უამბობს და აფრთხილებს, რომ სიღნაღში გამგზავრებას თუ გადაწყვეტენ, ერთი ღამის გასათევადაც ნუ მივლენ სასტუმრო „მემფის პალასში“. მან წერილი მედიაცენტრმთავარში“  გამოგზავნა.

„ერთი დღით დასასვენებლად, ოჯახთან ერთად სიღნაღში გამგზავრება გადავწყვიტე. ერთ-ერთ საიტზე წინასწარ შევარჩიე სასტუმრო. დავრეკე, ვიკითხე პირობები და თან ვუთხარი, რომ ბავშვებით მივდიოდი და სუფთა და მოწესრიგებულ სასტუმროს ვეძებდი. მამაკაცმა მიპასუხა, – ნამდვილად კარგი სასტუმროა მაქვს, დღეს დილით უცხოელები გავაცილეო. საიტზე მხოლოდ ფასადის სურათი ედოთ, რომელიც ცუდად არ გამოიყურებოდა. რომ ჩავედით, ცუდი პირობები დაგვხვდა, თუმცა, იქიდან გამომდინარე რომ 1 დღით ვიყავით, თან ბავშვებით, არ დავიწყე ახალი სასტუმროს ძებნა და გადავწყვიტეთ ღამე სასტუმროში გაგვეთია. თეთრეული არ იყო სუფთა და ვთხოვეთ გამოეცვალათ. როგორც ჩანს, ეს ფაქტი მათთვის არასასიამოვნო აღმოჩნდა. დილით, სასტუმროდან რომ გამოვდიოდი, ზარი დავრეკე, მოვიდა მამაკაცი, გადავუხადე ხელზე თანხა, რომელიც არსად გაუტარებია, არც არანაირი ქვითარი მოუცია და ვუთხარი: – ასეთ პირობებს არ ველოდი და სხვა დროს არ ვისურვებდი აქ დარჩენას.
​ამ სიტყვებზე დაახლოებით 70 წლის მამაკაცი, რომელიც „სასტუმროს“ მეპატრონე იყო საშინლად გაღიზიანდა და ისეთი შეურაცხყოფა მომაყენა, ისე მიყვიროდა და უშვერი სიტყვებით მლანძღავდა, მეზობლები ქუჩაში გამოიშალნენ.

ამ დროს მარტო ვიყავი, მეუღლეს ბავშვები სასეირნოდ ჰყავდა წაყვანილი, სასწრაფოდ დავურეკე. ამასობაში, სასტუმროს მეპატრონის მეუღლე გამოვიდა და პირად შეურაცხყოფაზე გადავიდა, ძალიან ბინძურ სიტყვებს მეძახდნენ. ფიზიკურადაც კი გამოიწიეს და სასწრაფოდ დავრეკე პატრულში. ამასობაში ჩემი მეუღლეც გამოჩნდა და ნამდვილად არ მოხდებოდა კარგი ამბავი. მადლობა პატრულს, რომ ოპერატიულად მოვიდა ადგილზე, გამომკითხეს რა მოხდა და მითხრეს, რომ იმ სასტუმროს მეპატრონესაც გამოკითხავდნენ პოლიციის განყოფილებაში და გაფრთხილებას მისცემდნენ. იმედია, ასეც მოხდება.

როგორც მეზობლებისგან შევიტყვე, სასტუმრო „მემფის პალასის“ მფლობელისგან მსგავსი ქმედება პირველი შემთხვევა არ ყოფილა, – ბევრჯერ შერჩაო, – მითხრეს ადგილობრივებმა.

​დაიმახსოვრეთ, ეს არის სასტუმრო „მემფის პალასი“ სიღნაღში, რუსთაველის ქუჩაზე. ეს არის სასტუმრო, სადაც დამსვენებლებს ატყუებენ და ცუდი პირობებია, ხოლო თუ ამის გამო პრეტენზიას გამოხატავ, მინიმუმ, სიტყვიერი შეურაცხყოფა გარანტირებული გაქვთ. მიხედეთ და მოაგვარეთ ვისაც ეს საკითხი, ვისაც ეხება. ცალკე ამბავია, თანხის ხელში აღებ-მიცემა, რატომ არ მუშაობს საგადასახადო სისტემა?”, – გვწერს მოქალაქე რუბრიკისთვის “მოგვწერეთ მთავარი”.

მსგავსი თემები