გრიპის ვირუსისგან განსხვავებით, წითელას ვერაფერი გააჩერებს აცრების გარდა – პაატა იმნაძე

“წითელას ვირუსს არც ნიღაბი შველის და არც ხელების დაბანა. ვირუსის მატარებელმა ოთახში კარი რომ შემოაღოს, დაილაპარაკოს და გავიდეს, ამ ოთახში მყოფი ყველა ადამიანი რისკჯგუფია, შესაძლოა, წითელა ყველას შეხვდეს”, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, გრიპის ვირუსის ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება, წითელა კი მხოლოდ ჰაერით გადადის. ის დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებს ხვდება. ასეთები კი ქვეყანაში, 20-40 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში დაახლოებით 200 000 ადამიანია. 

“გრიპის ვირუსისგან განსხვავებით წითელას ვერაფერი გააჩერებს აცრების გარდა. ​ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი მარაგია”, – აცხადებს პაატა იმნაძე.

იგი მოსახლეობას ურჩევს, ვისაც წითელა ბავშვობის ასაკში აქვთ მოხდილი, მაგრამ დანამდვილებით არ იციან, პრევენციის მიზნით აცრა განმეორებით ჩაიტარონ, რადგან ეს დაავადება დიდ ასაკში საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს. 

როგორც პაატა იმნაძე აცხადებს, წითელაზე აცრა სავალდებულო გახდა გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის, მათ შორის ​ბაგა-ბაღისა და სკოლის პედაგოგებისთვის. დაიწყო აცრები პენიტენციალურ სისტემაშიც, აიცრებიან როგორც თანამშრომლები, ასევე, მსჯავრდებულები. ჯარში ვაქცინაცია მუდმივად ორგანიზებულად ხორციელდება ხოლმე, თუმცა წითელას ეპიდემიის საშიშროების გამო, ქვეყნის თავდაცვის უწყებაში აცრები დამატებით ჩატარდება. 

“გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის წითელაზე აცრა სავალდებულო გახდა”, – აცხადებს პაატა იმნაძე.  

მსგავსი თემები