“გვაქვს ინფორმაცია, რომ დამსაქმებლები აწუხებენ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, გავიდნენ სამსახურში” – პაატა იმნაძე

“გვაქვს ინფორმაცია, რომ დამსაქმებლები აწუხებენ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, გავიდნენ სამსახურში”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოში დაბრუნებულ პირებს, მოერიდონ თავიანთ ახლობლებს და მაქსიმალურად დაიცვან თვითიზოლაცია თუ კარანტინის რეჟიმი.

„იცით, რომ პოლიცია აქტიურად ეხმარება უკვე საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკებს და თუ არ ვცდები 10-ზე მეტია, რომლებიც იძულებით გადაიყვანეს კარანტინზე, რადგან არღვევდნენ თვითიზოლაციის წესებს. ეს მუშაობა გაგრძელდება და მოვუწოდებ ყველას, დაიცვან თვითიზოლაციის წესები.

ჩვენ მოგვდის ინფორმაცია, რომ დამსაქმებლები აწუხებენ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, რომ გავიდნენ სამსახურში. ჩვენ თავს ვიკავებთ, რა თქმა უნდა, პერსონალური ინფორმაციების გაცემისგან, მაგრამ ასეთ დამსაქმებლებს, თუ გააგრძელებენ ასე შეწუხებას თვითიზოლაციაში მყოფ პირების, მე პირადად დავარღვევ ყველაფერს და დავასახელებ. შემიძლია, მხოლოდ ჩემს ახლობლებზე ვისაუბრო, ჩემი მკვიდრი ბიძაშვილის შვილი, რომელიც ჩამოვიდა, მესამე დღეა კარანტინშია.

უკვე არის ონლაინ პლატფორმა ჯანდაცვის სამინისტროში, შეისწავლიან ვინც ჩამოდის, მათ საცხოვრებელ პირობებს, თუ არის თვითიზოლაციის საშუალება, გადადის თვითიზოლაციაზე, თუ არ არის და ასეთი ბევრია, თვითონ ითხოვენ, რომ გადავიდნენ კარანტინზე. თუ კარანტინზე არის და დაწერს განცხადებას, რომ უნდა თვითიზოლაციაზე გადასვლა, შეისწავლიან მის პირობებს და თუ შესაძლებელია, გადავა“, – განაცხადა იმნაძემ.

მსგავსი თემები