“გარეჯის მონასტერი საფრთხეშია, გვაჭრიან, გვიბილწავენ მიწას“ – ქართული დიასპორა აზერბაიჯანის საელჩოსთან ირაზმება

დავით გარეჯას გადასარჩენად, სხვადასხვა ქვეყანაში ქართული დიასპორა ირაზმება. დიასპორის წარმომადგენლები საბერძნეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჰოლანდიაში, გერმანიასა თუ სხვა ქვეყნებში, ხელისუფლების გაურკვეველ ქმედებებს ემიჯნებიან და გარკვეულ აქტივობებს გეგმავენ.

ერთ-ერთი აქტივობა, რაც ქართულმა სათვისტომოებმა დაგეგმეს, ყველა ქვეყანაში, აზერბაიჯანის საელჩოსთან საპროტესტო გამოსვლებია.

„სანამ გარეჯის ამბავზე არ მობილიზდებით ყველა, არ მაინტერესებს სოციალურ ქსელში არავითარი კომენტარების წერა, მაპატიეთ, მაგრამ როცა ამხელა საგანძურს ვკარგავთ აღარ მაქვს არაფრის სურვილი. ხელისუფლების მსჯელობა ბუნდოვანი და გაურკვეველია,ცხადია ვიღაცის სცენარით მოქმედებს მეზობელი აზერბაიჯანი. გარეჯში მდგომარეობა რთულდება. ის რაც 21-ე საუკუნეში ხელისუფლებას მოეთხოვება,გახლავთ ევროპული და ცივილიზებული სახელმწიფოებრივი აზროვნება და არა შუა საუკუნეების მმართველი ადამიანების დონე. უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ ამ ეტაპზე მიგვიყვანა. საქართველოს ყველა კუთხიდან უტევენ. გვაჭრიან და გვიბილწავენ იმ მიწას, სადაც 6000 ათასმა გარეჯელმა სიცოცხლე მოწამეობრივად დაასრულა. ის რაც გარეჯში ხდება არ გახლავთ ეთნიკური დაპირისპირება, თემა უფრო სახიფათოა, ეს არი რელიგიური დაპირისპირება,როცა მავანი ცდილობს დაძაბოს ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის. ემიგრაციამ, ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათ,ჩვენი პატრიოტული, საზოგადოებრივი და მოქალაქეობრივი უფლებებით, არ უნდა დავუშვათ ხელისუფლებისაგან გარეჯის გასხვისება. ყველა ქვეყნის ემიგრანტული ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა უნდა მოვაწყოთ აქცია აზერბაიჯანის საელჩოებთან (ათენში უკვე ჩატარდა აქცია) და ვუთხრათ, ჩვენს მეზობელს, რომ “გარეჯი საქართველოა!” ხელი აიღონ

სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე გზების გაჭრაზე და გახსნან მონასტერთან მისასვლელი ბლოკირებული ბილიკები!“ – აცხადებს ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი ათენში დარეჯან ღამბაშიძე.

საბერძნეთს ბელგიის სამეფოც უერთდება.

„ბელგიის სამეფოში მცხოვრებო ქართველებო და საქართველოს გულშემატკივარნო,აქტიურობის დროა,შესაძლებელია ხვალ უკვე გვიანი იყოს!!!! დავით გარეჯი საქართველოა!!! აზერბაიჯანი ჩვენი მეზობელი და მეგობარი სახელმწიფოა,მაგრამ შენი -შენია და ჩემი – ჩემია! დაბი ვართ ის რაც ჩვენია!!!!! დუმილი დანაშაულია და არა ოქრო!“ – აცხადებს ქართული სათვისტომოს წარმომადგენელი ბელგიის სამეფოში ანა ბალამწარაშვილი.

ქართული დიასპორული ორგანიზაციები, პარალელურ რეჟიმში, აზერბაიჯანის საელჩოსთან გამოსვლებს ყველა ქვეყანაში გეგმავენ.






მსგავსი თემები