ბიძინა ივანიშვილმა დიმიტრი ხუნდაძეს საკითხის კენჭისყრაზე დაყენებაზე უარი უთხრა

“ცხელი გამოვიდა სხდომა, რადგან თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა, სადაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობდნენ.

დიმიტრი ხუნდაძემ კითხვაზე, რა გადაწყვეტილება მიიღო სხდომაზე გუნდმა, უპასუხა, რომ მისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება იქნა მიღბული. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა არ მისცა საშუალება, საკითხი კენჭისყრაზე დაეყენებინა.

„მიუღებელი იყო ის, რომ პარტიის თავმჯდომარემ არ მოგვცა საშუალება, სარეიტინგო კენჭისყრაზე დაგვეყენებინა საკითხი. მე დავსვი საკითხი ნათლად, რომ არის უფრო მეტი მხარდამჭერი, ეს პროექტი არ გავიდეს, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია და ვიდრე წარმოუდგენია იმ უმრავლესობას, რომლის სხდომაზეც ვიყავით ჩვენ, მაგრამ თუ არ მოხდა დათვლა აქ, ამის დათვლა მოხდება პარლამენტში“, – განაცხადა ხუნდაძემ.

ამასთან, დეპუტატის თქმით, ის არ აპირებს უმრავლესობის დატოვებას.

„უმრავლესობას არ ვტოვებ. ვაგრძელებ ბრძოლას, მხარდამჭერთა რაოდენობა იყოს მეტი, ვიდრე არის დღეს, რათა ჩვენ სწორი პოლიტიკური ცხოვრება გავაგრძელოთ და ქვეყანას საფრთხეები, რყევები ავაცილოთ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი თემები