აშშ-ში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ჩინეთში კი ვირუსს 9 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. დაინფიცირებულია 30 წლის მამაკაცი, რომელიც ჩინეთიდან ვაშინგტონში 15 იანვარს დაბრუნდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

კორონავირუსმა უკვე 9 ადამიანი იმსხვერპლა ჩინეთში. ბოლო მონაცემებით, დაავადებულთა რაოდენობა 430-ს აჭარბებს. 

ექიმების თქმით, დაავადების სიმპტომებია: სურდო, ხველება, ყელის ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება გულის არეში. ასევე, შესაძლებელია პაციენტს აღენიშნებოდეს თავის ტკივილი და ციებ-ცხელება, რომელიც რამდენიმე დღეს გრძელდება. განსაკუთრებული საფრთხე ემუქრებათ სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებს, მოხუცებსა და ბავშვებს. მათ პნევმონიისა და ბროქნიტის მსგავსი სიმპტომები აღენიშნებათ.

პნევმონიის გამომწვევი ვირუსი პირველად დეკემბერში ჩინეთში გავრცელდა. ოფიციალური ინფორმაციით, ჩინეთის გარდა, ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ავსტრალიაშიც. 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სხვადასხვა ქვეყნის აეროპორტებში მგზავრების შემოწმება დაიწყეს. ჩრდილოეთ კორეამ კი უცხოელი ტურისტების მიღება დროებით შეაჩერა.

მსგავსი თემები