“აუცილებელია, სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრალდებას თან ახლდეს მტკიცებულებები” – აშშ-ში რუსეთის საელჩო

რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმას აშშ-ში რუსეთის საელჩო ეხმაურება. დიპლომატიური უწყების ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე აღნიშნულია, რომ ისინი იმედგაცრუებული არიან, თუმცა რუსეთის წინააღმდეგ მორიგი ბრალდება მათ არ გაჰკვირვებიათ.

აშშ-ში რუსეთის საელჩო ასევე აღნიშნავს, რომ ამერიკისა და დასავლეთისთვის ახლა უპირატესია საკმარისი რაოდენობის მოკავშირე და პარტნიორი სახელმწიფოების მხარდაჭერა, რათა რაიმე მოვლენა საბოლოო ჭეშმარიტებად შეაფასონ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი მზად არის, ყველა აქტუალურ საერთაშორისო საკითხთან დაკავშირებით დიალოგი აწარმოოს.

„სამწუხაროა, რომ ამერიკელი დიპლომატები, რომლებიც ოდესღაც მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩეოდნენ, სულ უფრო ხშირად მიმართავენ ბულვარული ჟურნალების მეთოდებს. მათთვის მთავარი სენსაციაა. სამწუხაროა, ამერიკის შეერთებული შტატები სულ უფრო იშვიათად იხსენებს, რომ არსებობს საერთაშორისო ნორმები, რომლის საფუძველზეც სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრალდებას აუცილებელია თან ახლდეს მტკიცებულებები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მიმდინარე წლის 20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა.

მსგავსი თემები