საქართველოში მილიონამდე მოთამაშეა, გოგოების რიცხვიც მზარდია, თვითმკვლელობები მატულობს, გამოსავალი არ ჩანს

ვალი, ლომბარდში ჩადებული სახლი, მანქანა, ნივთები, თამაშში დაკარგული წლები – ეს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების ცხოვრებაა. აზარტული თამაშები ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება. სტატისტიკით, საქართველოში მილიონამდე ადამიანი თამაშობს, თუმცა, 150 000-მდე ადამიანი ლუდომანია (აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული).

რამდენიმე წელია, აქტიურად მიდის საუბარი ახალ რეგულაციებზე, რომელიც გააკონტროლებს ამ სექტორს და მასში ჩართულ ადამიანებს,   თუმცა, ჯერჯერობით, შედეგი არ ჩანს და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებამ ქვეყანაში უკვე სახიფათო მასშტაბი მიიღო. ასევე, არ არსებობს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსოციალურ დახმარებას შესთავაზებს.

ინტერნეტის სწრაფ გავრცელებასთან ერთად, აზარტული თამაშები სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება არასრულწლოვნებისთვისაც. როგორც კვლევები აჩვენებს, 16-დან 24 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების ჩამოყალიბების რისკი, სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით, ორჯერ მაღალია.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს არასრულწლოვნებისთვის აზარტულ თამაშებს, ამ ნორმის აღსრულება ეფექტურად ვერ ხდება, განსაკუთრებით ონლაინ კაზინოებში. ონლაინ-თამაშებში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა რეგისტრაციის მომენტში პირადობის მოწმობის მონაცემების შეყვანა, თუმცა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის თანახმად, მონაცემების სიზუსტის კონტროლის მექანიზმი ძალიან სუსტია. ასევე, ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რეგისტრაციისას სხვა პირის პირადი მონაცემების შეყვანის შესახებ.

აზარტულ თამაშებში გოგონები და ბიჭები თითქის თანაბრად არიან ჩართულები.

2019 წლის მარტში ჩატარებულ კვლევაში, თბილისის 10 სკოლის 500 მოსწავლე მონაწილეობდა, რომელთაგან 55% ბიჭი იყო, ხოლო – 45% გოგონა. აზარტულ თამაშებთან შეხება ჰქონდა გამოკითხული ბიჭების 56%-ს, ხოლო გოგოების – 44%-ს.

გამოკითხული მოზარდები ამბობენ, რომ ონლაინ სამორინეების შესახებ ინფორმაციას ერთდროულად რამოდენიმე სარეკლამო არხიდან იღებენ, თუმცა, ლიდერობს ინტერნეტ რეკლამა (75%) და მობილურით მიღებული შეტყობინებები (54%) და ბილბორდები (47%).

ბოლო პერიოდში, გაზრდილია აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული ადამიანების სუიციდის ფაქტები.  ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ უამრავი მძიმე ისტორია სახეზეა. ერთ-ერთი მზიმე ფაქტი კი  სულ რამდენიმე დღის უკან მოხდა, როდესაც 29 წლის სანდრო ბერაძემ, აზარტული თამაშების გამო, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მიუხედავად იმისა, რომ ის ცდილობდა ამ დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას, დამარცხდა.

„8 თვის წინ მოგვმართა სანდრო ბერაძემ. პირადად დამირეკა და მითხრა, რომ აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული და სჭირდებოდა დახმარება. მასთან ხშირი სატელეფონი კომუნიკაცია მქონდა. ძალიან უნდოდა სათამაშო ბიზნესის ამოძირკვა. მეტყოდა ხოლმე – ქ-ნო თამარ, დავცხოთ ამ რეკლამებსო. ამ მიზნით, გუშინ უნდა დაგვეწყო გადაღებები, პირდაპირი ჩართვები. გვქონდა ბევრი პროგრამა განსახორციელებელი. როცა სანდრო გავიცანი, ვუთხარი, რომ სჭირდებოდა ფსიქოლოგთან, ფსიქიატრთან და მოძღვართან ურთიერთობა. დამთანხმდა. მესამე დღეს დავურეკე და გახარებულმა მითხრა, რომ ექიმთან მამამ მიიყვანა. სანდროზე, როგორც ვიცი, ძალიან ზრუნავდა ოჯახი, მეგობრებიც გვერდში ედგნენ. ჩვენს ორგანიზაციასაც ერთი დღე არ მიუტოვებია ის. ჯერ კიდევ სექტემბერში მითხრა, რომ მდგომარეობიდან გამოვიდა და თავს კარგად გრძნობდა. როცა ოქტომბერში ჩვენმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა უცნობი და ნაცნობი ლუდომანები შეეკრიბა ბუნებაში, სანდროს რომ დავურეკე, დამპირდა მოვალო, თუმცა არ მოსულა. დამირეკე და ხმა შეცვლილი ჰქონდა, მითხრა, რომ გადაღებებზე დადიოდა და არ ეცალა. მერე უკვე სოციალური ქსელით გავიგე მისი დაკარგვის ამბავი“, – ყვება „მედიაცენტრ მთავართან“ არასამთავრობო ორგანიზაცია „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ დამფუძნებელი, თამარ ჯაფარიძე.

აზარტული თამაშების გამო 17-მა ახალგაზრდამ თავი მოიკლა.

თამარ ჯაფარიძე ერთ-ერთი ინიციატორი იყო იმ კანონპროექტის, რომელიც ჯერ კიდევ 9 თვის წინ, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის მოთხოვნით წარუდგინეს პარლამენტს. თუმცა მაშინ მმართველმა გუნდმა აღნიშნული ინიციატივა ჩააგდო.

როგორც ჯაფარიძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, სწორედ ამ კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ ათამდე ახალგაზრდა გარდაიცვალა. მისივე ინფორმაციით, ივლისის ბოლოდან დღემდე, 17 ახალგაზრდა გახდა სუიციდის მსხვერპლი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის ინიციატივით, რამდენიმე დღის წინ, აზარტული თამაშების წინააღმდეგ პირველი აქციაც გაიმართა, სადაც პეტიცია წარადგინეს 4 ძირითადი მოთხოვნით.

„ვითხოვთ, რომ 25 წლამდე მოქალაქეს არ ჰქონდეს წვდომა აზარტულ თამაშთან; სათამაშო ობიექტები უნდა განთავსდეს გამოთავისუფლებულ ზონებში, რომელსაც ტურისტულ ზონებს დავარქმევთ; ამოქმედდეს ცხელი ხაზი აზარტდამოკიდებულების დასახმარებლად და დაწესდეს რეგულაციები ტაქსებსა და ბილბორდებზე განთავსებულ რეკლამებზე“, – აცხადებს თამარ ჯაფარიძე „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას.

როგორც თამარ ჯაფარიძემ განგვიცხადა, სწორედ სანდრო ბერაძის სურვილი იყო, დიდი აქცია ჩატარებულიყო აზარტული თამაშების წინააღმდეგ. ამიტომაც ამ კამპანია “სანდრო ბერაძისთვის” დაარქვეს.

„ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც ქვეყანაში აზარტული თამაშები გაპროტესტდა. ეს იყო საჯარო, საზოგადოებრივი თავმოყრა და გულისტკივილის გაზიარება. ეს იყო პატარა მანიფესტაცია, სანდრო ბერაძის სულის მოსახსენიებლად. სანდროსთან ერთად, იმ დღეს ზესტაფონში ახალგაზრდა გარდაიცვალა სუიციდით. ამ ფაქტებს გამოვეხმაურეთ, გავაპროტესტეთ სუიციდი ქვეყანაში და ხელისუფლებას მოვუწოდეთ, გადადგას ადეკვატური ნაბიჯები“, – განაცხადა თამარ ჯაფარიძემ.

როგორც აღმოჩნდა, აზარტული თამაშებისგან თავდასაღწევად შესაბამის ორგანოებს ქალებიც მიმართავენ. თამარ ჯაფარიძის თქმით, ლუდომანია ყველაზე ძნელად ქალებშია მოსარჩენი.

„ქალების მომართვიანობაც დიდია. მილიონამდე მოთამაშეა, მზარდი სტატისტიკაა, გახშირდა სუიციდის ფაქტები და დროა, ხელისუფლებამ ჩამოიღოს კარადაზე შემოდებული კანონპროექტი და გადადგან ნაბიჯები სარეაბილიტაციო საქმის კეთებისკენ. ყველა, ვინც მომმართავს და ასეთი ბევრია, ყველა სამკურნალოა. მართალია, ყველას ვერ უმკურნალებ, მაგრამ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა დაიწყო და შედეგიც დადგება“, – განაცხადა „მედიაცენტრ მთავართან“ თამარ ჯაფარიძემ.

როგორც საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება რამდენიმე რისკფაქტორზეა დამოკიდებული. ესენია:

ფსიქიკური აშლილობა: დეპრესია, სხვადასხვა სუბსტანციებზე დამოკიდებულება (ნარკოტიკები, ალკოჰოლი და ა.შ.) და სხვ.

ასაკი: აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების საფრთხის ქვეშ ძირითად ახალგაზრდები ექცევიან. თინეიჯერებისა და საშუალო ასაკის ადამიანების მიერ დამოკიდებულების ჩამოყალიბების უფრო დიდი ალბათობა არსებობს, ვიდრე ხანში შესულების.

სქესი: კვლევები აჩვენებს, რომ აზარტული თამაშების გავლენის ქვეშ მამაკაცები უფრო ხშირად ექცევიან, ვიდრე ქალები.

ოჯახი და მეგობრები: თუ თქვენს ოჯახში ან სამეგობრო წრეში არის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ან ე.წ. პრობლემური მოთამაშე, იზრდება დამოკიდებულების გაჩენის რისკი.

ზოგიერთი ადამიანური თვისება: აზარტულობა, მოუსვენრობა, იმპულსურობა, მუშაობაზე დამოკიდებულება (ე.წ. ვორკაჰოლიკი) ზრდის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების შანსს.

აზარტული თამაში არ არის გართობა ან ფულის შოვნის მარტივი გზა, მას მძიმე და დამღუპველი შედეგი მოაქვს პიროვნებისთვის, მისი ოჯახისა და ქვეყნისთვის.

თაკო კვარაცხელია

მსგავსი თემები

3 Thoughts to “საქართველოში მილიონამდე მოთამაშეა, გოგოების რიცხვიც მზარდია, თვითმკვლელობები მატულობს, გამოსავალი არ ჩანს”

  1. You have got impressive knowlwdge on this site.|

  2. This design is steller! You most certainly know how
    to keep a reader entertained. Between your wit and your videos,
    I was almost moved to start my own blog (well, almost…HaHa!) Wonderful job.
    I really loved what you had to say, and more than that, how
    you presented it. Too cool!

  3. HectorJaf

    manque de testostĂ©rone chez l’homme symptomes

    Thanks really useful. Will share website with my pals.