“ჩვენ შევძლებთ ერთმანეთთან სტუმრად მისვლას, ერთად ტრაპეზის მიღებასა და ერთად ლოცვას” – გავრილოვი საქართველოსთან თანამშრომლობაზე

20 ივნისიდან ზუსტად 1 წლის თავზე, რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომლის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებასაც მოჰყვა 20 ივნისის მოვლენები, განცხადებას ავრცელებს და ქართველებს მიმართავს.

გავრილოვის თქმით, 20 ივნისის აქცია რუსოფობიური ხასიათის იყო, თუმცა ამის მიუხედავად, საქართველომ რუსეთთან მაინც უნდა ითანამშრომლოს.

დეპუტატი ასევე საუბრობს ერთმორწმუნეობაზე, რომელიც მისი აზრით რუსეთსა და საქართველოს აერთიანებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ უმეტესობა ჩვენგანს აბსოლუტურად ჯანსაღი გრძნობები გვამოძრავებს – ძმობა, ერთობა, ჩვენი საერთო ხვედრი, დიდი მართლმადიდებლური მემკვიდრეობა,“ – აღნიშნა გავრილოვმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ ნაბიჯი უნდა გადადგას და ღიად დააფიქსიროს პარტნიორობის სურვილი რუსეთთან.

“ვფიქრობ, რომ საჭიროა პატარა ნაბიჯის გადადგმა, რათა ჩვენი ძმობისა და სოლიდარობის გამოხატვა  არა კულუარულად და დაფარულად, არამედ ღიად ხდებოდეს. სიმამაცე, რომელიც თან სდევს ქართველ ხალხს, არ უნდა აკლდეს მათ პოლიტიკოსებს. მე მწამს ჩვენი მომავლის, ჩვენ შევძლებთ ერთმანეთთან სტუმრად მისვლას, ჩვენი “დინამოების” გულშემატკივრობას, ერთად ტრაპეზის მიღებასა და ერთად ლოცვას, ჩვენი საერთო მომავლის აშენებას, ერთად უზრუნველვყოფთ საფრთხეებისგან დაცვას პანდემიიდან დაწყებული ტერორიზმამდე,” – აცხადებს გავრილოვი.

მსგავსი თემები