„ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილება არ მიკვირს, მათ ამის გაკეთება მოუწიათ” – კახა კუჭავა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა აცხადებს, რომ „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილებაზე, მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ზეგავლენა მოახდინა ფასილიტატორი ელჩების გუშინდელმა ერთობლივმა განცხადებამ.

მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილება გასაკვირი არ არის და მათ ამ გადაწყვეტილების მიღება მოუწიათ.

„კარგად გვახსოვს გუშინ, გუშინწინ, თუ რა განცხადებებს აკეთებდნენ, რომ მხარს არ დაუჭერდნენ. ძალიან კარგად გვახსოვს ასევე საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა, მათ შორის ფასილიტატორი ელჩების მხრიდან გუშინდელი ერთობლივი განცხადება, რომელთა მხრიდანაც იყო მოწოდება, რომ მხარი დაეჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ყველას, ვინც ხელმომწერია 8 მარტის შეთანხმების. ამიტომ, მე პირადად არ მიკვირს. მათ მოუწიათ ამ გადაწყვეტილების მიღება და ძალიან კარგია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც იყო მთავარი საგანი 8 მარტის შეთანხმების, ექნება მხარდაჭერა და ხვალ საკონსტიტუციო ცვლილებებს ვუყრით უკვე პარლამენტში კენჭს პირველი მოსმენით“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნას გიორგი რურუას გათავისუფლებასთან დაკავშირებით, როგორც კუჭავა აღნიშნავს, 8 მარტის შეთანხმებაში საუბარია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლად ფუნქციონირებაზე.

„ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, ერთობლივი განცხადება, როგორ რა იყო მითითებული. კარგად გვახსოვს ის, რომ მიღწეული შეთანხმება ყველას მოუწოდებს, შეასრულონ და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს და მეორე აბზაცი იყო, სადაც საუბარია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლად ფუნქციონირებაზე და ჩაურევლობასთან დაკავშირებით. ამიტომ, ზუსტად, პირდაპირ ხაზს უსვამს იმ მთავარ აქცენტს, რომლის მთავარი პათოსი და შინაარსი იყო 8 მარტის შეთანხმება“, – აღნიშნა კუჭავამ.

კითხვაზე, ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე რამდენად შეძლებს უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად უმრავლესობას ცვლილებების დასამტკიცებლად ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს.

„პირველივე დღიდან, მას შემდეგ, რაც ამ შეთანხმებას მხარი დავუჭირეთ, ვამბობდით, რომ ჩვენგან იქნებოდა სრული მხარდაჭერა. მხოლოდ ერთი ადამიანი იყო თავიდანვე წინააღმდეგი. ამიტომ 92 ადამიანი დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად ქმნიდა საკმარის რაოდენობას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მაინც გასულიყო. ასევე ვამბობდით, რომ მხოლოდ და მხოლოდ დაზიანდებოდნენ შეთანხმების ის მხარეები, რომლებიც არ დაუჭერდნენ მხარს. ამიტომ, არ მიკვირს მათი ეს გადაწყვეტილება, მოუწიათ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება და ხვალ ვნახავთ რეალურად, როგორ განვითარდება მოვლენები“, – განაცხადა კუჭავამ.

დეპუტატის თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილება ელჩების გუშინდელ განცხადებას უკავშირდება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე დიდი ზეგავლენა ზუსტად ეს განცხადება იყო. მანამდეც გვახსოვს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან მოწოდება, რომ ყველამ შეასრულოს შეთანხმება და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს. თუმცა, ვთვლი, რომ გუშინდელი ერთობლივი განცხადება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო და მათ მოუწიათ ამის გაკეთება“, – აცხადებს კუჭავა.

https://mcm.ge/ევროპული-საქართველოს-გ/

მსგავსი თემები