ყოფილი ელჩი ხათუნა სალუქვაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ ლიეტუვაში ბინის ქირის დავალიანება აქვს

ლიეტუვაში საქართველოს ყოფილი ელჩი ხათუნა სალუქვაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ ლიეტუვაში ბინის ქირის დავალიანება აქვს. 

სალუქვაძის განცხადებით, დავა არის უსაფუძვლო. მისივე თქმით, ბინის მეპატრონემ მისი ქვეყნიდან წასვლით ისარგებლა. როგორც სალუქვაძე ამბობს, სტატია, რომ ლიეტუვის სასამართლომ მას ბინის ქირის დავალიანების გადახდა დაავალდებულა, მისთვის ზიანის მისაყენებლად, შეკვეთით დაიბეჭდა.

„აბსოლუტური სიცრუე და თითიდან გამოწოვილი ამბავია, დაიბეჭდა შეკვეთით. ზუსტად მითხრეს, რომ ვიღაცას აინტერესებდა და იმიტომ. რეპუტაციის დაზიანება აინტერესებდა ვიღაცას, როგორც დიპლომატის და ჩემი, როგორც ქართულ-ლიეტუვური ურთიერთობის სიმბოლო. დიდი ხანი მომიწია იქ ყოფნა, ექვსი წლის განმავლობაში და ლიეტუველებისთვის გავხდი სიმბოლო საქართველოსი. სწორედ ამისთვის ზიანის მიყენება იყო მიზანი. რაც დაწერა ლიეტუვურმა სააგენტომ და მისი გავრცელება მოხდა ქართული მედიით, არც გაუჩნდათ კითხვა, ხომ არ არის დეზინფორმაცია, ფეიკნიუსი, ვიღაცის ინტერესი და ამიტომ აიტაცეს.

ფაქტი არის ის, ესპანეთის მოქალაქეს, ჩემი ბინის მეპატრონეს, ვის ბინაშიც ვცხოვრობდი ქირით, კონტრაქტით, ექვსი წლის განმავლობაში, თანხა რამდენჯერმე შეიცვალა და ბოლოს, როდესაც უნდა წამოვსულიყავი, მისი მადაც უზომოდ გაიზარდა, გადაწყვიტა ასე არაკეთილსინდისიერად ემოქმედა და მოეთხოვა მეტი, რასაც ვერ გადავიხდიდით, ვიხდიდით კონტრაქტით. ის ეცადა რომ მიეღო მეტი, მაგრამ გამორიცხულია რომ ყოფილიყო გადაუხდელობა და ე.წ. გადაგდება, იმიტომ რომ ნებისმიერი კონტრაქტის მექანიზმით არის ჩადებული დეპოზიტის თანხები. ეს ყველაფერი ელექტრონულია. ჩვენ ხომ სახელმწიფოს წარმოვადგენთ, სახელმწიფო გვეხმარება თანხების გადახდაში და გამორიცხულია, რომ როგორც ელჩს, სხვანაირად ყოფილიყო. დავა არის უსაფუძვლო, იქიდან გამომდინარე, რომ ფიზიკურად დავტოვე ქვეყანა და ისარგებლა ამ ადამიანმა. მაგრამ პირიქით, აქეთ მოვთხოვო პასუხი ცილისწამებისათვის მასაც და იმ მედიასაშუალებასაც, რომელმაც გაავრცელა“,- აცხადებს სალუქვაძე.

ლიეტუვის მედიის ინფორმაციით, სასამართლომ ლიეტუვაში საქართველოს ყოფილ ელჩს, ხათუნა სალუქვაძეს ბინის ქირის დავალიანების გადახდა დაავალდებულა.

მსგავსი თემები