მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილის შეწყალების საკითხი პრეზიდენტმა თავად უნდა გადაწყვიტოს. მისივე თქმით, მთელი მსოფლიოს ყურადღება გადატანილია სააკაშვილზე.
„ძალიან გაჭიანურდა პროცესები. მისი ჯანმრთელობა ამის შესაძლებლობას არანაირად არ იძლევა. იმედი გვქონდა, ერთიანად, ზედიზედ ჩატარდებოდა პროცესები. საჭიროების შემთხვევაში, ასე ხდება ხოლმე. ფაქტია, რომ ჩვენ სულ სხვა შედეგს ველოდებოდით. ცუდადაა ადამიანი, კარგად რომ იყოს, ხომ არ ავტეხდით ამხელა ამბავს. როცა ჯერ კიდევ პროცესი გრძელდებოდა, სააკაშვილის სანახავად ვიყავი. არ ვიცოდი, რომ მომდევნო პროცესი 29-ში დაინიშნა. ეს ფაქტი ძალიან არ მომეწონა, რადგან არაფრით არ შეიძლება ამის გაწელვა, ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის შესაძლებლობას არ გვაძლევს. ხომ არის დიაგნოზები, რაც საჭიროა და რატომ არ უნდა დავუჯეროთ. აბა, ვის უნდა დავუჯეროთ. გუშინ პროცესზე შეუძლოდ გახდა. ეს ჩვეულებრივი ამბავია, მცირე ემოციური დისკომფორტი როცა ექმნება ადამიანს, ეწევა წნევა. ღვთის მადლით, სასამართლოსთან არ მქონია ურთიერთობა, ეს პირველი შემთხვევაა. არ ვიცი, რა წესებია, რის უფლებას იძლევა და რისას – არა. ჩემთვის არსებობს ავადმყოფი შვილი, რომელიც მინდა, როგორმე გადავარჩინო. ამიტომ ვფიქრობთ, როცა საჭიროება მოითხოვს, დაჩქარდეს პროცესები. შემდგომი ეტაპი შეიძლება, აღარ იყოს, ისეთია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.