თბილისში მეორადი საბურავების და მარტივად აალებადი ნივთიერების განთავსება ან რეალიზაცია დასჯადი ხდება

2019 წლის პირველ ივლისიდან, თბილისში მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების,მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთის/ნივთიერების განთავსება ან რეალიზაცია იმ ადგილებში, რომლებიც საამისოდ არ არის განსაზღვრული დასჯადი ხდება.

“აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით; იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით;

აღნიშნული დარღვევა ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში, 2000ლარის ოდენობით, განმეორების შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 2000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი – 6000 ლარის ოდენობით.” – ნათქვამია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კანონპროექტის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება (დაჭრა, დაფქვა, დახერხვა, დაქუცმაცება და სხვა.), რომელიც ვერ უზრუნველყოფს მტვერის ჩახშობას – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას, – 1000 ლარის ოდენობით.

მსგავსი თემები

One Thought to “თბილისში მეორადი საბურავების და მარტივად აალებადი ნივთიერების განთავსება ან რეალიზაცია დასჯადი ხდება”

  1. vazha kakabadze

    ელიავას ბაზრობა როდის უნდა გაუქმდეს?