“ვიზუალურად, რაც ჩანს დაზიანება სერიოზულია” – ექსპერტი მეტროსადგურ “გოცირიძეზე”

თბილისის მეტროპოლიტენის ერთ-ერთ სადგურზე, “გოცირიძეზე” ხიდის დაზიანების საკითხს არასამთავრობო ორგანიზაცია “ურბანული ლაბორატორიის” ხელმძღვანელი გიორგი ბაბუნაშვილი ეხმიანება და აცხადებს, რომ ვიზუალური დათვალიერებით ხიდი სერიოზულად დაზიანებულია, თუმცა საშიშროების შეფასებისთვის საინჟინრო დასკვნაა საჭირო.

როგორც გიორგი ბაბუნაშვილმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, მძიმე შემთხვევის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ხიდის რეაბილიტაცია, ან სადგურის გაუქმება და მგზავრების რკინიგზის მეშვეობით გადაყვანა.

“ორი ვარიანტია: 1. სამშენებლო დომკრატებით ესტაკადის აწევა დაზიანებულ ადგილზე, შემდეგ დროებითი მეტალის საყრდენებით დაფიქსირება. ამის მერე, უკვე ბეტონის საყრდენის აწევა, ან თავიდან ჩამოსხმა, მოძრაობის შეუჩერებლად, სიჩქარის შეზღუდვით.

2. მოძრაობის გახლეჩვა ახმეტელი-დიდუბე და ვარკეთილი-გოცირიძის მონაკვეთებზე, სადგურ “ნაძალადევის” დეპოში ძალიან გაჭირდება გლდანის დეპოს ვაგონების დროებით განთავსება, მაგრამ სხვა ვარიანტი არაა. შეიძლება რკინიგზის მომსახურებით სარგებლობა და დეპო “ნაძალადევის” გეითის და მოტოდეპოს სარკინიგზო გეითების მეშვეობით “ვარკეთილი” – “გოცირიძის” მონაკვეთის ვაგონების ნაწილის გადაყვანა “დიდუბემდე” ყოველ ღამე გლდანის დეპოში მოსახვედრად. მაგრამ ეგ მთელ რიგ პრობლემებს შექმნის, მათ შორის ღამის სამუშაო საათების შემცირების მხრივ”, – განუცხადა გიორგი ბაბუნაშვილმა “მედიაცენტრ მთავარს”.

მისი თქმით, პრობლემა დროულად უნდა მოგვარდეს და სწორი ვარიანტები შეირჩეს.

“არსებული მდგომარეობის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. აქამდე “ნაძალადევის” მეორე დეპოს გახსნაზე რომ ემუშავათ, რაზეც სამი წელია ვსაუბრობ, ეს პრობლემა ნაკლებად ექნებოდათ”, – განაცხადა “ურბანული ლაბორატორიის” ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ვიდეო, სადაც საუბარია მეტრო სადგურ “გოცირიძის” ხიდის დაზიანებაზე.

მოგვიანებით თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ მეტროსადგურის ექსპერტიზის საბოლოო შედეგები ამ დროისთვის ხელმისაწვდომი არ არის და ცოტა ხანში გასაჯაროვდება. “მედიაცენტრ მთავარს” ხიდის დაზიანების შესახებ ინფორმაცია, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში არ დაუდასტურეს. 

ჟურნალისტი მარიამ გელაშვილი

მსგავსი თემები