“დაწესდეს მკაცრი რეგულაციები, გაკონტროლდეს ლიცენზიების გაცემა” – აგიტ მირზოევი კანაფის კულტივაციაზე

ჩართულობისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი აგიტ მირზოევი მხარს უჭერს საქართველოში მცენარე კანაფის სამედიცინო მიზნებით კულტივაციასა და ექსპორტს, თუმცა მიაჩნია, რომ  უნდა დაწესდეს მკაცრი რეგულაციები, გაკონტროლდეს ლიცენზიების გაცემა და სფერო არ იყოს მონოპოლიზირებული.

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე აგიტ მირზოევმა დღეს განაცხადა, ინფორმაციული ვაკუუმის გამო საზოგადოებაში მეტისმეტად უსაფუძვლო აურზაურია ატეხილი. ახალი რეგულაციების შედეგად მარიხუანის მოხმარება იმაზე მეტად ვერ გაიზრდება, რაც დღეს არის. უფრო მეტიც, გამკაცრდება კონტროლი.

მისივე აზრით, მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით დროული იყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მიაჩნია, რომ არც ერთი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების გამო მოქალაქე არ უნდა იხდიდეს სასჯელს.

“მცენარე კანაფის სამედიცინო მიზნით მოყვანას და ექსპორტს მთელი რიგი განვითარებული ქვეყნები მიმართავენ, მათ შორის, კანადას, ჩეხეთს, დიდ ბრიტანეთს. მეტისმეტი აურზაურია ამ საკითხის ირგვლივ ატეხილი იმის გამო, რომ საზოგადოებას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია, თუ რა პრინციპით მოხდება მისი მოყვანა და კულტივაცია. ამ დარგში უნდა  არსებობდეს მკაცრი რეგულაციები, უნდა გასცენ ლიცენზია და სფერო არ იყოს მონოპოლიზირებული“, – აცხადებს საქართველოს იეზიდთა თემის წარმომადგენელი აგიტ მირზოევი.

მისი აზრით, ბუნებრივი კანაფისი, თავისი თვისებრივი მაჩვენებლებიდან გამომდინარე ვერ მიაყენებს ზიანს ვერც ახალგაზრდებს და ვერც მოზარდებს, მაგრამ სხვა თვისებები აქვს ქიმიურ პრეპარატებთან გაზავებულ პროდუქციას.

​”საუბარია იმაზე, რომ საზოგადოებაში გაიზრდება მარიხუანის მოხმარება, უსაფუძვლოა. არ მგონია, მარიხუანის მოხმარება იმაზე მეტად გაიზარდოს, რაც დღეს არის. თემა ზედმეტად პოლიტიზირებულია. პირველ რიგში რეგულაციები უნდა დაიხვეწოს. თუ საზოგადოება ვნახავთ, რომ კანონი აბუჩად არის აგდებული, არ არის დაცული ადამიანი, საზოგადოებრივი რეაქციის შედეგად დამატებით უნდა მოვაწესრიგოთ ეს სფერო”, – მიაჩნია აგიტ მირზოევს.

​მისივე თქმით, შსს-ს მიერ მომზადებულ კანონპროექტში განსაზღვრულია ასაკობრივი ცენზი და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც კი ეკისრებათ პირებს. “არ მგონია რომელიმე ახალგაზრდამ ამ რეგულაციების მიუხედავად, გუშინ რომ არ ეწეოდა, დღეს დაიწყოს მოწევა. ფულადი ჯარიმა ძალიან ხშირად ეფექტიანია, მეორე მხრივ მოზარდებთან უნდა ვიმუშაოთ აქტიურად, მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მათ, ხელისუფლების სხვადასხვა უწყებებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი პროგრამები”, – აცხადებს საქართველოს იეზიდთა თემის წარმომადგენელი აგიტ მირზოევი.

 

მსგავსი თემები