„დავბლოკოთ საიტები, საიდანაც მუდმივად მოდის ნეგატიური შეტყობინებები და შუქდება უარყოფითი ამბები“ – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

„არაა რეკომენდირებული მუდმივად თვალყურს ადევნებდეთ ვირუსთან დაკავშირებულ ამბებს. ალბათ, ეს ვირუსი გვახსენებს, რომ ძალიან ბევრი რამ დაგვავიწყდა და გამოგვრჩა ყოველდღიურ ყოფაში დაკარგულებს და დღეს დროა შევჩერდეთ, შევჩერდეთ და დავფიქრდეთ ბევრ რამეზე!  უმჯობესია, არ ვიფიქროთ პრობლემაზე, რომელიც სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობის სახიფათოა” – რა უნდა გავაკეთოთ, როგორ დავძლიოთ სტრესი და პანიკა, „მედიაცენტრ მთავართან“  ფსიქოლოგი, ევროპაში აკრედიტირებული ფსიქოთერაპევტი, კავკასიის გეშტალტთერაპიის და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის გენერალური დირექტორი, ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის პრეზიდენტი სალომე ვერულაშვილი საუბრობს.

სოფო ვერულაშვილი: Covid-19 ვირუსის  გამო, საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. სამსახურების დიდი ნაწილი გადასული არიან მუშაობის ონლაინ რეჟიმზე,    სკოლები და უნივერსიტეტებიც თავიანთ მოსწავლეებთან და სტუდენტებთან   სწავლებას ონლაინ რეჟიმში წარმართავენ. არსებული ვითარებიდან გამომდინარე მითითებაა, თავი შევიკავოთ სოციალური, უშუალო კონტაქტებისგან.

ვინაიდან ეს ყველასთვის მთავარი რეკომენდაციაა, უნდა შევზღუდოთ ადამიანებთან კონტაქტი.  ასევე, აუცილებელია გულდასმით დავგეგმოთ ყველა გარეთ გასვლა, რათა თავი ავარიდოთ ვირუსის პოტენციურ მატარებელს. მივესალმოთ ერთმანეთს არანაკლებ ერთი მეტრის დისტაციიდან და ნებისმიერ შემთხვევაში დავიცვათ დისტანცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ეს იქნება შენობა,  თუ ქუჩა.

რაც შეეხება სურსათის მაღაზიებს და აფთიაქებს, უმჯობესია თუ წინასწარ, სახლში შევადგენთ შესაძენი პროდუქტების, მედიკამენტებისა თუ სხვა ნივთების სიას და მკაცრად მივყვებით მას. არ არის მიზანშეწონილი გამოვჩნდეთ ხალხმრავალ ადგილებში, ასევე, დიდი კომპანიების შეკრებებზე თუ ამის გადაუდებელი საჭიროება იქნება. საგანგებო მდგომარეობიდან განისაზღვრა, რომ  ათზე მეტი პირის თავმოყრის შემთვევაში თითოეული იურიდიული თუ ფიზიკური პირი კანონის წინაშე აგებს პასუხს. ჩვენ ღირსეულად უნდა გადავლახოთ ეს კრიზისული პერიოდი, ძალა მოვიკრიბოთ და მშვიდად დაველოდოთ სასიკეთო ცვლილებებს.

მედიაცენტრი მთავარი:“ როგორც ფსიქოლოგს გეკითხებით, ეს ყველაფერი ხომ  მოქმედებს ათასობით ადამიანის ფსიქოლოგიაზე, რომლის ცხოვრების წესი მოულოდნელად შეიცვალა და იზოლაციაში მოექცა?

სოფო ვერულაშვილი: მთავარია,  მივყვეთ ექიმების რჩევებს.  ხელები უფრო ხშირად დავიბანოთ; ვატაროთ სამედიცინო პირბადე საზოგადოებრივ ადგილებში;  თუ დაავადების სიმპტომები გვაქვს, დაუყონებლივ მივმართოთ შესაბამის უწყებებს; დავრეკოთ სასწრაფოში და ამოქმედებულ ცხელ ხაზზე! ხოლო თუ უსიამოვნო შეგრძნება გვაქვს, ვგრძნობთ შფოთვას და ჩვენი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა დამძიმდა, დავურეკოთ ფსიქოკონსულტანტებს და ფსიქოთერაპევტებს (ახლა უამრავი დარგის პროფესიონალი გვთავაზობს უფასო დახმარებას).  

როგორც ზემოთ აღვნიშნე უნდა დავიცვათ დისტანცია და შორი მანძილიდან მივესალმოთ ერთმანეთს. ჩახუტების, გადაკოცნის ან ხელის ჩამორთმევის  ნაცვლად, შეგვიძლია კრეატიული, ალტერნატიული მისალმება მოვიფიქროთ და სხვებსაც გავუზიაროთ. ვფიქრობ, ახლა ის დროა ყველამ საკუთარ თავში უნდა გააღვიძოს მზრუნველი მშობელი, რომელსაც შეუძლია იზრუნოს  როგორც საკუთარ თავზე ასევე სხვებზეც.  დავიცვათ ე.წ. “ქსელური ჰიგიენა” – მივიღოთ,  გავეცნოთ და ვენდოთ  ინფორმაციას, რომელიც  მხოლოდ საიმედო წყაროებიდან იქნება მოწოდებული. ვიზრუნეთ, რომ პანიკამ არ მოგვიცვას და შევინარჩუნოთ სიმშვიდე.

მედიაცენტრი მთავარი:“ როგორ მოვახერხოთ ეს ყველაფერი?

სოფო ვერულაშვილი:  ამისათვის უმჯობესია, არ ვიფიქროთ პრობლემაზე რომელიც სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობის სახიფათოა. ნებისმიერ გაურკვევლობას ადამიანი რთულად აღიქვას, ნებისმიერი ვითარება საგანგაშოა, რის შემდეგაც ადამიანი ხშირად დეპრესიულ გუნება-განწყობაზეა. არიან ისეთებიც, რომლებიც მთლიანად უგულებელყოფენ მიმდინარე მოვლენებს და ამტკიცებენ, რომ არაფერი ხდება….. ეს კი მიმდინარე მოვლენებზე ორი პოლარული და უკიდურესი რეაქციაა…

მედიაცენტრი მთავარი:“ მოგვეცით რამდენიმე რეკომენდაცია, თუ როგორ უნდა გავიუმჯობესოთ სიტუაცია?

სოფო ვერულაშვილი:  დავბლოკოთ საიტები, საიდანაც მუდმივად მოდის ნეგატიური შეტყობინებები და შუქდება უარყოფითი ამბები. თუ თქვენ გაინტერესებთ როგორია კორონა ვირუსთან დაკავშირებული ქვეყნის შიდა და გარე სიტუაცია,  გსურთ იცოდეთ დაინფიცირებულთა რაოდენობა და მათი მდგომარეობა, შეგიძლიათ დღეში ერთხელ მიიღოთ უახლოესი ცნობები, არაა რეკომენდირებული მუდმივად თვალყურს ადევნებდეთ ვირუსთან დაკავშირებულ ამბებს.  მაგრამ, თუ აკვიატებული აზრები მაინც არ დაგტოვებთ, შეგიძლიათ თავს უფლება მისცეთ, რომ გარკვეული დროით ჩაუღრმავდეთ მათ. შფოთვა ასევე შეიძლება არ იყოს ნორმის ფარგლებში, როდესაც ადამიანი უარს ამბობს ყოფითი და სოციალური როლების შესრულებაზე, მაშინ, აქ  შესაბმაისი სპეციალისტის ჩართვაა საჭირო, როგორიცაა ფსიქიატრი, კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქო-კონსულტანტი თუ ფსიქოთერაპევტი.  მოერიდეთ ისეთი ამბების მოსმენას,  რომლის დროსაც თქვენი შფოთვა ძლიერდება. მნიშვნელოვანია  ენდოთ მხოლოდ სანდო, ოფიციალურ წყაროებს. ნუ აყვებით ხალხის მითქმა-მოთქმას და უამრავ დეზინფორმაციას, რომელიც სოციალური ქსელებით თუ სხვა გზით ვრცელდება!  პირიქით, გავაზიაროთ პოზიტიური შინაარსის შემცველი ამბები, იმედისმომცემი ინფორმაციები, წარმატების ისტორეიბი…..ასევე, კარგია გააზიაროთ ხელოვნების შედევრები, იქნება ეს ნახატები, მუსიკალური ნაწარმოებები თუ  ცნობილი, გამოჩენილი  ადამიანების ცხოვრების ისტორიები…

მედიაცენტრი მთავარი:“ რა უნდა გავაკეთოთ ძირითადად სახლში ყოფნის, თვითიზოლაციის, კარანტინის დროს?

სოფო ვერულაშვილი:  ახლა, ყველას აქვს შესაძლებლობა იზრუნოს საკუთარ თავზე და საყვარელ ადამიანებზე, მეტი დრო დაუთმოს საკუთარ თავს და ახლობლებთან, მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობას, მათთან კომუნიკაციას. კარგია ოჯახის წევრებმა  გავიხსენოთ სამაგიდო თამაშები და ერთობლივად ვითამაშოთ… მოვიკითხოთ და მოვესიყვარულოთ ერთმანეთს  თუნდაც ტელეფონით, სოციალური ქსელით და გამოვიყენოთ ეს დრო ჩვენი საყვარელი ადამიანების ხელახლა გასაცნობად და დასაახლოვებლად….

ჩვენ შეგვიძლია დრო დავუთმოთ იმას, რისი გაკეთებაც  გვსურდა დიდი ხნის განმავლობაში და ამისთვის დრო არ გვქონდა,  ვიკითხოთ წიგნები,  ვუყუროთ ფილმებს.  ზამთრის შემდეგ ნამდვილად მოგინდებათ, რომ სახლი დაასუფთაოთ, მოაწყოთ ეგრეთ წოდებული გენერალური დასუფთავება და რაიმე განაახლოთ.  ფუჭად არ დაიკარგება დრო თუ ჩაუღრმავდებით საკუთარ თავს, თვითშემეცნებას, გადააფასებთ წარსულის მოვლენებს, დაისახავთ ახალ მიზნებსა და ამოცანებს. ახლა, ისე როგორც არასდროს ხელს გვიწყობს გარემოება ვიყოთ აქ და ამჟამად და მეტად შევიმეცნოთ, აღვიქვათ და გამოვიყენოთ აწმყო, მეტი სიცხადით შევიგრძნოთ ყოველი წამი და როგორც გეშტალტთერაპიის ფუძემდებელი ფრიც პერლზი იტყოდა, მივცეთ სიტუაციას შესაძლებლობა თავად იმართოს… ალბათ, ეს ვირუსი გვახსენებს, რომ ძალიან ბევრი რამ დაგვავიწყდა და გამოგვრჩა ყოველდღიურ ყოფაში დაკარგულებს  და დღეს დროა შევჩერდეთ, შევჩერდეთ და დავფიქრდეთ ბევრ რამეზე!  21-ე საუკუნემ სამწუხაროდ, ოჯახის წევრები  გააუცხოვა ერთმანეთისგან და ახლა სწორედ ის დროა, რომ დავახლოვდეთ და მეტი სითბო და იდილია გაჩნდეს ჩვენს ოჯახებში.

ონლაინ მუშაობა და სწავლა, ეს კიდევ გამოწვევაა, რომელიც ახალმა რეალობამ მოგვიტანა და ჩვენგან განსხვავებულ უნარ-ჩვევებს და მობილიზებას საჭიროებს.  თუ თვითორგანიზებასთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს, უმჯობესია არ დაარღვიოთ დღის რეჟიმი, რაც ამ მდგომარეობის წარმოშობამდე გქონდათ. ჩვეულებრივ, როგორც ადრე დააყენეთ მაღვიძარა და დღე დაიწყეთ ადრე, ისე როგორც სკოლაში ან უმაღლეს სასწავლებელში წასვლის წინ. დილით უნდა დავკავდეთ ყველა იმ პროცედურით როგორც ადრე.  სადილის წინ და შემდგომ ნუ დაიძინებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს სიზარმაცისა და უმოქმედობის მდგომარეობაში გადასვლის საშიშროება. მოსწავლეები და სტუდენტები უნდა ეცადოთ არ დააყოვნოთ საშინაო დავალებების შესრულება. აუცილებელია რომ  ეს დრო გამოვიყენოთ ეფექტურად სწორედ ახლა არის დრო გავიღრმავოთ ცოდნა ამა თუ იმ საგანში, გამოვასწოროთ შეფასებები და ავამაღლოთ აკადემიური მოსწრება.

მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ საკუთარ თავზე,  ერთმანეთზე,  მეზობლებზე, მეგობრებზე, ნათესავებზე და უბრალოდ მოქალაქეებზე. მაქსიმალურად დავიცვათ ყველა რეკომდაცია რომელსაც გვაწვდიან. გავერთიანდეთ და ერთიანობით დავძლევთ ამ გამოწვევას რომლის წინაშეც დგას დღეს მთელი მსოფლიო. კოლექტიური პასუხისმგებლობა და ერთობლივი, ურთიერთშეთანხმებული მოქმედებები დაგვეხმარება, რომ ღირსეულად გაუმკლავდეთ შექმნილ მდგომარეობას და უკეთესი ცხოვრება შევიქმნათ. მოგეხსენებათ, ყველაზე მძიმე ვითარება ახლა იტალიაშია და ძალზე სასიამოვნო სანახავია მათი ოპტიმისტური, შემოქმედებითი გამოხატულებები, მიუხედავათ რთული სიტუაციისა. მართლაც, არ აგვარებს ნეგატივი, დრამატული სცენების ყურება და პესიმისტური განწყობა პირიქით, სიყვარული, სიმშვიდე, იმედი,  რწმენა, დაგვეხმარება ღირსეულად გავუმკლავდეთ შექმნილ სიტუაციას.  ვეცადოთ, მოვიზიდოთ პოზიტიური ემოციები, წავიკითხოთ სახუმარო ისტორიები, მეტი დრო დავუთმოთ ბავშვებს, ასევე კარგი იქნება თუ დროს დაუთმობთ ოთახისა თუ ეზოს ყვავილების და მცენარეების მოვლას.  ბევრი ვისეირნოთ, ვასეირნოთ შინაური ცხოველები და ვეთამაშოთ მათ…. მოკლედ, დაკავდით იმით, რაც სიამოვნებას განიჭებთ.

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები

One Thought to “„დავბლოკოთ საიტები, საიდანაც მუდმივად მოდის ნეგატიური შეტყობინებები და შუქდება უარყოფითი ამბები“ – ინტერვიუ ფსიქოლოგთან”

  1. Aw, this was aan incredibly good post. Taking a few minutes and actual efforrt to generate a top notch
    article… but what can I say… I put things off a loot and don’t manage to get nearly anything done.