“ჩემი პრესტიჟი გლდანის სასაფლაოზე წევს და ამას, მე მაგათ, არ შევარჩენ!” – ზაზა სარალიძე

თბილისში, ხორავას ქუჩაზე 8 თვის წინ მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე უკმაყოფილოა ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მმართველი გუნდის წევრების მიერ წარმოდგენილი დასკვნით და საპროტესტო აქციების განახლებას გეგმავს.

როგორც ზაზა სარალიძემ დღეს, “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები პირდაპირ უშლიან ხელს მისი შვილის მკვლელის დადგენას და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ  ეს საქმე უკვე ახალმა ხელისუფლებამ გამოიძიოს.

“ძალიან კარგად იცოდა ყველაფერი შსს-მ, პროკურატურამ, ეს ყველაფერი გაკეთდა ხალხისთვის თვალის ასახვევად. საგამოძიებო კომისია, შსს და პროკურატურა არ არის ერთი უწყება. რატომ ელოდება საგამოძიებო კომისიის დასკვნას შსს, რას ელოდებიან, პრესტიჟზე ლაპარაკობენ? ჩემ შვილს პრესტიჟი აღარ აინტერესებს, ჩემი პრესტიჟი გლდანის სასაფლაოზე წევს და ამას, მე მაგათ, არ შევარჩენ”, – აცხადებს ზაზა სარალიძე.

მისივე თქმით, “ქართულმა ოცნებამ” წარმოაჩინა ისე, თითქოს იგი ინტერესდებოდა მხოლოდ იმით, თუ ვინ დაანგრია მკვლელობის ადგილზე არსებული ფარდული, რატომ არის გაღუნული დანა და რატომ მფარველობენ სუბელიანს.

“სამარცხვინოა მათი დასკვნა. ჩემი მთავარი კითხვაა, ის, თუ ვინ მოკლა სარალიძე და არა ის, თუ ვინ გაღუნა დანა. ვინც დანა გაღუნა, ის დამნაშავეა იმაში, რომ ხელი შეუშალა ჩემი შვილის მკვლელის დადგენას, ასევე სუბელიანმა ხელი შეუშალა სიმართლის დადგენას. ჩემი შვილი ვიღაცა არ არის, როგორც ეკა ბესელიამ განმარტა და ვიღაცის გულის მოსაგებად არ იყოს ეს კომისია შექმნილი. კომისიის მუშაობით ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ, რომ საზოგადოებამ, ნათლად დაინახა ვინ არის მკვლელი, ვის და ვინ აფარებს ხელს”, – აცხადებს ზაზა სარალიძე.

​მისივე თქმით, 10 სექტემბრიდან, კონკრეტული მოთხოვნებით, განაახლებს საპროტესტო აქციებს.

აღსანიშნავია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ  ხმათა უმრავლესობით „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დასკვნა დაამტკიცა. დოკუმენტში საუბარია, რომ გამოძიება ხარვეზებით ჩატარდა და ეს იყო  სისტემის ბრალი.

დოკუმენტს, რომელიც 67-გვერდს მოიცავს, კომისიის ცხრა წევრმა – თავად „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა დაუჭირეს მხარი. „ქართული ოცნების“ დასკვნის ვარიანტს კი, კომისიაში „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ოთხი დეპუტატი დაეთანხმა. დოკუმენტს ჯერ პარლამენტის ბიუროზე იმსჯელებენ, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე.

დოკუმენტში ხელისუფლების უმაღლესი პირების პასუხისმგებლობაზეცაა საუბარი.  ასევე მირზა სუბელიანის, მ.კ-ს, იუსტიციის მინისტრისა და სხვათა  წინააღმდეგ გამოძიების დაწყებაზე.

მმართველი გუნდი დოკუმენტს საპარლამენტო უმცირესობის პოლიტიკურ დოკუმენტს უწოდებს.

 

მსგავსი თემები