„ყველა ინსტანციას გავივლით, რომ სტრასბურგის სასამართლოში თავაწეულები წარვდგეთ“ – ლავასოღლის ადვოკატი

ე.წ. კანონიერი ქურდობისთვის ბრალდებული მინდია გორაძის (ლავასოღლის) ადვოკატი სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებაზე საუბრობს და საქმის სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემმედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

„მინდია ლავასოღლის საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ეს არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რომელსაც არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება არ ახლავს. სასამართლო პროცესზე არც ერთი დაზარალებული მოსულა. ისინი დაცვის მხარესთან საუბრობდნენ, რომ მათზე წარმოუდგენელი ზემოქმედება განხორციელდა. ეს დოკუმენტი საქმეში მიმაგრებული იყო მტკიცებულებების სახით. აღნიშნულით დასტურდებოდა, რომ მინდია ლავასოღლის არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა იმ ეგრეთწოდებულ დაზარალებულებთან. ამ ყველაფრის მიუხედავად, სასამართლომ ახალი სტანდარტი დაადგინა და მას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა“ – აღნიშნა კობაიძემმთავარში“.

​პირველი ინსტანციის სასამართლომ მინდია გორაძეს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა, რასაც დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.

ადვოკატის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს იმ ზემოქმედებაზეც მოუწევს ყურადღების გამახვილება, რაც მოწმეებზე პროკურატურის მხრიდან ხდებოდა.

„იმედი გვაქვს, სააპელაციო სასამართლო ახლა მაინც დადგება მოწოდების სიმაღლეზე და ყურადღებას გაამახვილებს იმ დარღვევაზე, რაც სახეზეა. ასევე, გასათვალისწინებელია პროკურორის მხრიდან ჩადენილი უკანონობა და ამ საკითხზე გენერალურ ინსპექციას აუცილებლად მივმართავთ. პროკურორი მოწმეს იარაღის მუქარით დასდევდა, რომ ზემოქმედება მოეხდინა მასზე. რომ არა ასეთი ზემოქმედება და ჩარევა, დარწმუნებული ვარ სასამართლო სულ სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა“ – აცხადებს კობაიძე.

დაცვის მხარე აღნიშნული საქმით სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს: „ასევე მნიშვნელოვანია, რომ ერთი და იგივე ადამიანს, ერთი და იგივე მუხლით ორჯერ ასამართლებენ. პირველი ინსტანციის სასამართლომ ლავასოღლის 12 წლით სასჯელი მიუსაჯა, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს იგივე მუხლით საქმე და მას ე.წ. კანონიერი ქურდობას ედავებიან. ჩვენ სამართლებრივად ყველა ინსტანციას გავივლით, რომ სტრასბურგის სასამართლოში თავაწეულები წარვდგეთ“ – აღნიშნა ადვოკატმა „მთავარში“.

მსგავსი თემები