თბილისის ნაძალადევის რაიონში ახალი სპორტული ცენტრი გაიხსნება. სპორტული კომპლექსი მოიცავს:ჭიდაობის დარბაზს; კრივის რინგს; 2 საცურაო აუზს (დიდი – 25 მ. პატარა – 15 მ); ფიტნეს-დარბაზს; გასახდელებს და სველ წერტილებს; კაფეს და სპორტულ მაღაზიას.
ცენტრში იფუნქციონირებს ცურვის, წყალბურთის, ჭიდაობის, კრივის, მხატვრული ტანვარჯიშის, აღმოსავლური ორთაბრძოლისა და ფიტნესის სექციები.
როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, 3247 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებული ცენტრი სრული დატვირთვის შემთხვევაში 1000-ზე მეტ მომხმარებელს მოემსახურება.
“სპორტული კომპლექსების მშენებლობის პროგრამა მიზნად ისახავს სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და სპორტულ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართვას”, – აცხადებენ მერიაში.