სამტრედიაში ქმარმა ცოლი სუფრის გასაწყობად ღამე გააღვიძა, საჭმელმა არ დააკმაყოფილა და ქალი დანით მოკლა – რა წერია ჩვენებაში

ქუთაისის სასამართლოში დასრულდა მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის საქმის განხილვა. მოსამართლემ მალხაზ მხეიძეს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მკვლელობა გასული წლის დეკემბერში სამტრედიაში მოხდა…

გასაჯაროვდა მსჯავრდებულის ჩვენება, სადაც მან დანაშაული აღიარა.

„ჩემს მეუღლეს ეძინა საძინებელში, მამაჩემს მისაღებ ოთახში. მე ჩავრთე ტელევიზორი და ვუყურებდი სხვადასხვა გადაცემებს ძალიან დაბალ ხმაზე, ვინაიდან პატარა სახლია და სხვებიც, რომ არ შემეწუხებინა. იქნებოდა დაახლოებით 05:00 საათი როდესაც მომინდა საჭმელი, რის გამოც გავაღვიძე ჩემი მეუღლე და მოვთხოვე ჩემთვის გაემზადებინა საჭმელი და გაეწყო სუფრა. ჩემი მეუღლე ადგა ჩაიცვა და გამოვიდა სამზარეულო ოთახში, რა დროსაც იქვე მაგიდაზე არსებული მუქტარიანი დანით დაჭრა ჩემს მიერ სახლში მოტანილი ძეხვი.

მე მას ვუსაყვედურე – მარტო ძეხვი რატომ დაჭერი, თევზიც დაგეჭრა – თქო რაზეც ჩემმა მეუღლემ მისაყვედურა, საჭმელი შენითაც გეჭამა, მაგის გამო როგორ გამაღვიძე ამ შუაღამისასო. ამაზე გავბრაზდი და დავიყვირე – სახლში მოტანილის გაკეთებაც არ გინდა – თქო. ავიღე მაგიდიდან ზემო აღნიშნული მუქტარიანი დანა, რომელიც დავიჭირე მარჯვენა ხელში და შეშინების მიზნით მოვიქნიე მეუღლის მიმართულებით, თუმცა ჩემს მიერ მოქნეული დანა მოხვდა მარცხენა მხარეს, კისრის არეში, საიდანაც წამოუვიდა სისხლი.

მივხდი, რომ ჩემი მეუღლე დავჭერი და დანა გავაგდე ხელიდან. ჩემმა მეუღლემ დაიკივლა – მგონი მომკლაო, და ჯერ საძინებელში გავიდა, შემდეგ ისევ დაბრუნდა სამზარეულოში და მაგიდასთან ჩაიკეცა. ამ დროს ოთახში შემოვიდა მამაჩემი და ჩემი ძმა, რომლებსაც უთხარი, რომ დანა დავარტყი, მგონი მოვკალი, სასწრაფოს დავურეკოთ და ექიმი მოვიყვანოთო.“ – წერს ჩვენებაში მალხაზ მხეიძე და იქვე ადასტურებს, რომ თავად დანაშაულის ადგილი სასწრაფოს მოსვლამდე დატოვა და მიიმალა.

ბრალდებული სამართალდამცველებმა რამდენიმე საათში დააკავეს.

მსგავსი თემები