„ბიზნესის დახმარების პროგრამაზე მილიარდ 57 მილიონ 700 ათასი ლარი დაიხარჯა“ – ფინანსთა მინისტრი

  •  

საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატით მიწვეულ  ფინანსთა მინისტრს დაწვრილებით მოუწია იმ თანხების განაწილებაზე საუბარი, რომელიც  STOP-COV ფონდში იქნა მობილიზებული. როგორც ლაშა ხუციშვილმა განმარტა, ერთ-ერთი მიმართულება, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამები იყო და ამ მხრივ მილიარდ 57 მილიონ 700 ათასი ლარი დაიხარჯა.

„საშემოსავლო გადასახადის შეღავათის ნაწილში – ეს არის 440 000 პირზე 540 მილიონი ლარი, ტურიზმის სექტორში საგადასახადო შეღავათები დაჯდა 95 მილიონი ლარი. საკრედიტო საგარანტიო სქემაზე მიიმართა 97 მილიონი ლარი. სასტუმროებისა და რესტორნების სესხის პროცენტის სუბსიდირებაში დაიხარჯა 51 მილიონ 200 ათასი ლარი. სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის პროგრამა იყო 44 მილიონი ლარი, სადაც გარანტირებულად მოხდა გარანტიების გაცემა იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოახდენდნენ რეალიზაციას, შემდგომ სახელმწიფო შეისყიდდა ამ ფართებს. მცირე გრანტების პროგრამაში დაიხარჯა 17 მილიონ 500 ათასი ლარი. სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამაში დაიხარჯა 213 მილიონი ლარი, მათ შორის, ეს მოიცავდა რთველის პროგრამასაც. სულ საბიუჯეტო ეფექტი ამ ნაწილში იყო 3 მილიარდ 266 მილიონ 100 ათასი ლარი”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

როგორც მინისტრმა განმარტა, თანხის ხარჯვასთან დაკავშირებით თუ საეჭვო კითხვები ისევ იქნება, მზადაა დეტალურად უპასუხოს.

„ბიუჯეტმა დანაკლისის სახით, ეკონომიკური ვარდნიდან გამომდინარე მიიღო მილიარდ 900 მილიონი ლარი და ჯამში, სულ ეს შეადგენს 7,2 მილიარდ ლარს, რომელიც იყო ასე ვთქვათ, ბიუჯეტის ხარჯი 2020-2021 წლებში პანდემიიდან გამომდინარე. ეს არის დეტალური ჩამონათვალი იმისა, თუ სად და რა ოდენობით დაიხარჯა მოზიდული თანხები. ამ მიმართულებით, თუ კიდევ იარსებებს დამატებითი კითხვები, რომელიმე პროგრამის ეფექტურობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სხვა რეჟიმში ჩვენ შეგვიძლია უკვე დეტალურად განმახორციელებელ სამინისტროებთან ერთად შევიკრიბოთ და ვიმსჯელოთ თითოეულ პროგრამასთან მიმართებაში“ –  განმარტა ხუციშვილმა.

მსგავსი თემები