სად წავიდა STOP-CoV ფონდში მობილიზებული თანხა – მინისტრის განმარტება

საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატით მიწვეულმა  ფინანსთა მინისტრმა დეტალურად ისაუბრა STOP-CoV ფონდში მობილიზებული თანხის განაწილებაზე. როგორც ლაშა ხუციშვილმა განმარტა, ფონდში მობილიზებული თანხის საკმაოდ დიდი ნაწილი  ერთჯერად  200 ლარიან დახმარებებზე წავიდა, რომელიც ბავშვებისთვის იყო გამოყოფილი.

„მოსახლეობის სოციალური დაცვის ნაწილში ხარჯმა შეადგინა მილიარდ 338 მილიონ 400 ათასი ლარი. დაქირავებით დასაქმებულთა კომპენსაციაზე სულ დაიხარჯა 280 მილიონი ლარი და შეეხო 162 300 პირს. კომუნალური ხარჯების სუბსიდირებაზე დაიხარჯა 550 მილიონი ლარი და შეეხო მილიონ 100 ათას აბონენტს. 65 000-100 000 სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების დახმარება – შეეხო 80 000 ოჯახს და დაიხარჯა 110 მილიონი ლარი. 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება – სულ შეეხო 26 000 ოჯახს და დაიხარჯა 30 მილიონი ლარი. შშმ პირთა დახმარება – სულ შეეხო 45 000 ოჯახს და დაიხარჯა 55 მილიონი ლარი. თვითდასაქმებულთა და 2020 წლის ბოლოს გამოცხადებული შეზღუდვებიდან გამომდინარე გაჩერებული ობიექტების ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება – სულ დაიხარჯა 110 მილიონ 800 ათასი ლარი, პირველ ეტაპზე ეს იყო 248 334 პირი, ხოლო მეორე ეტაპზე 120 400 პირი“ – განმარტა მინისტრმა.

რაც შეეხება ბავშვებისთვის გამოყოფილ ერთჯერად 200 ლარიან დახმარებას, ლაშა ხუციშვილის განმარტებით, მთლიანობაში ამ მიმართულებით დახმარება  930 000 პირზე გასცეს და  დაიხარჯა 187 მილიონ 800 ათასი ლარი.

„ეს თანხა მოიცავს, ასევე, სრულად იმ თანხას, რომელიც მობილიზებული იყო STOP-CoV ფონდში, რომელზეც არაერთხელ დაისვა შეკითხვა, ანუ ამ ფონდში მობილიზებული თანხა 123 მილიონი ლარი განიკარგა სწორედ ბავშვების დახმარებისთვის, რომლებზეც ერთჯერადად გაიცა 200 ლარი. შეგახსენებთ, სულ გაიცა 930 000 ბავშვზე, ჯამურად 187 მილიონ 800 ათასი ლარი. 160 000 სარეიტინგო ქულის მქონე სტუდენტებს სწავლის საფასური დაუფინანსდათ – სულ 16 600 სტუდენტს, ჯამში დაიხარჯა 14 მილიონ 800 ათასი ლარი”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

მსგავსი თემები