“2024 წელს ვიქნებით მზად, შევიტანოთ განაცხადი ევროკავშირის სრულ წევრობაზე” – კახა კუჭავა


„ჩვენ უნდა გვქონდეს ძალიან ამბიციური გეგმა 2024 წლისთვის, რომელიც მოგვცემს იმის საფუძველს და საშუალებას, რომ განაცხადი შევიტანოთ და მოვემზადოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ევროპის კვირეულის“ დასკვნით ღონისძიებაზე განაცხადა.

კახა კუჭავამ  ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპულ ოჯახში დაბრუნება ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და საქართველო ამ კურსის ერთგული რჩება, რაც საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, ქვეყნის მთავარ კანონშიც აისახა.

„მნიშვნელოვანია ის ქმედებები, რომლებსაც ვახორციელებთ და ის შედეგები, რომელსაც ევროინტეგრაციის გზაზე ვაღწევთ. ასოცირების შეთანხმება იყო უმნიშვნელოვანესი ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელმაც საფუძველი დაუდო იმ ვალდებულებების აღებას, რომლის შესრულების შემდეგაც, საშუალება მოგვეცემოდა გვეთქვა, რომ შეიძლება, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ გავაკეთეთ ოფიციალური განცხადება, რომ 2024 წელს ვიქნებით მზად, შევიტანოთ განაცხადი ევროკავშირის სრულ წევრობაზე. ეს ძალიან ახლოს არის’ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.  

მან მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეც ისაუბრა და ამ კონტექსტში, ევროკავშირის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის იმპლემენტაციის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

„ჩვენ ვართ სამაგალითო ქვეყანა ბევრისთვის რეფორმების და  მიღწეული შედეგების ნაწილში, თუმცა, ეს იყო ბოლო შტრიხიც, რომლითაც კარგად ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია, სირთულეები გადავლახოთ და ამ პროცესიდან ღირსეულად, კიდევ უფრო გამარჯვებულები გამოვიდეთ. მნიშვნელოვანია, როდესაც პარლამენტში ვხედავთ უკვე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, იმედია, მალე ვიხილავთ ყველას. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პარლამენტისთვის, არამედ, მთლიანად, ქვეყნისთვის, რომ ვისწავლოთ ერთმანეთთან საუბარი და კონსტრუქციულად, დებატების პარლამენტში წარმოებით მივიდეთ საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ყველას ჩართულობით“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი თემები