მარიხუანა რომ ნარკოტიკია, შეგნებულად თუ შეუგნებლად ყველას ავიწყდება – აკაკი ზოიძე

​პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძის განცხადებით, მარიხუანა ნარკოტიკია და ეს შეგნებულად, თუ შეუგნებლად ყველას ავიწყდება. მის მოხმარებას აქვს ფსიქოზური გვერდითი მოვლენები, ხოლო თუ რეგულარული მოხმარება იწყება არასრულწლოვან ასაკში, ამას მოჰყვება გონებრივი განვითარების შეფერხება, რაც 7-ჯერ უფრო მწვავეა არასრულწლოვნებში, რაც სამეცნიერო კვლევის შედეგად არის დადასტურებული.

მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე აკაკი ზოიძემ, მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და განცხადა, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ფაქტობრივად ქვეყანაში ნარკოტიკის მოხმარების რეგულირების ბერკეტებს ართმევს ხელისუფლებას.

“საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელმა გადაწყვეტილებამ ფაქტობრივად გამოგვაცალა ბერკეტი კანონის აღსრულებისთვის. საპატიმრო სასჯელის გაუქმებას, რასაც ჩვენ ვემხრობოდით და ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაცია მარიხუანას მოხმარებას არ ეხება, იმიტომ, რომ მარიხუანა უკვე დეკრიმინალიზებული იყო, ანუ საპატიმრო სასჯელი უკვე გაუქმებული იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. შესაბამისად,  საკონსტიტუციო სასამართლოს ჯობდა ემსჯელა სხვა ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციაზე ის, რომ მარიხუანა ნარკოტიკია, ყველას ავიწყდება შეგნებულად ან შეუგნებლად”, – აცხადებს დეპუტატი.

​​აკაკი ზოიძის თქმით, თუ საუბარია ინდივიდუალურ თავისუფლებაზე, ის შეიძლება შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, თუ სხვა ადამიანის თავისუფლებასა და ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს და სხვისთვის ზიანის მოტანა შეუძლია.

მისივე თქმით, მარიხუანის დეკრიმინალიზაციისას მაქსიმალური შეზღუდვები უნდა იქნეს გამოყენებული  არასრულწლოვნებთან დაკავშირებით. დაუშვებელია როგორც სიგარეტის, ასევე მარიხუანის მოწევა სპორტულ სტადიონებზე, პარკებში, სკვერებში, სადაც არასრულწლოვნები იკრიბებიან.

“პირადად ვარ ძალიან მკაცრი რეგლამენტის მომხრე ამ გადაწყვეტილებების პირობებში, რომ მაქსიმალური შეზღუდვები გამოვიყენოთ მარიხუანასთან მიმართებაში, განსაკუთრებით არასრულწლოვანებთან დაკავშირებით. ამ აკრძალვით, ჩვენ ვთხოვთ ადამიანს, არ მიაყენოს სხვა ადამიანს ზიანი თამბაქოს კვამლით. ვინმეს თუ ჰგონია, რომ მარიხუანას კვამლი ნაკლებად საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ძალიან ცდება. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც, სადაც შეიძლება იყვნენ ბავშვები, ჩემი აზრით უნდა გავრცელდეს ანალოგიური რეგულაცია”, – აცხადებს აკაკი ზოიძე.

მსგავსი თემები