ნარკორეალიზატორებს ნარკოტიკების გაყიდვაში ბავშვიც ჰყავდათ ჩათრეული

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალაში 3 ნარკორეალიზატორი დააკავა. დაკავებულები ნარკოტიკების რეალიზაციისთვის მცირეწლოვან ბავშვს იყენებდნენ. კერძოდ, მცირეწლოვან გოგონას ნარკოტიკი შეთანხმებულ ადგილზე მიჰქონდა. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.ა.-მ, ნ.გ.-მ და ნ.კ.-მ წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით გადაინაწილეს როლები და ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ასაღებდნენ.

გეგმის მიხედვით, ა.ა. ნარკოტიკული საშუალებების შემძენ პირებთან კომუნიკაციას ამყარებდა, ხოლო ერთი ოჯახის ორი წევრი – ნ. გ. და ნ. კ. დათქმულ ადგილზე მყიდველისთვის ნარკოტიკული საშუალების მიწოდებას და ფულის მიღებას უზრუნველყოფდნენ. მათ დანაშაულებრივ საქმიანობაში ასევე ჩართული ჰყავდათ მცირეწლოვანი ბავშვი.

არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით მოხდა საქმეში სოციალური სამსახურისა და ყველა სხვა შესაბამისი უწყების ჩართვა.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს“,- აცხადებენ შსს-ში.

მსგავსი თემები