ზურაბ წერეთლის “საქართველოს მატიანეს” პოპულარიზაციაზე იზრუნებენ

  •  

თბილისის ნაძალადევის რაიონში, კერძოდ, თემქაზე არსებული, ცნობილი მოქანდაკე ზურაბ წერეთლის ნამუშევრის, “საქართველოს მატიანეს” პოპულარიზაციის მიზნით, ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები სტატიებს მოამზადებენ.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, თემქისა და სანზონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაზა გაბუნიამ ზღვის უბანში მდებარე საქართველოს ისტორიის მონუმენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, გიორგი ჩოგოვაძესთან ერთად დაათვალიერა.

მისი შეფასებით, ქანდაკების პოპულარიზაცია ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. ის, საქართველოში ჩამოსული ვიზიტორებისთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანი გახდება.

 „ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ბატონ გიორგი ჩოგოვაძესთან შევთანხმდით, რომ თემქაზე, თბილისის ზღვის მიმდებარედ არსებული საქართველოს ისტორიის მონუმენტის პოპულარიცაზიისთვის, ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები სტატიებსა და ბლოგებს მოამზადებენ“, – აცხადებს ზაზა გაბუნია.

ცნობილ ქართველ მოქანდაკე, მხატვარი და არქიტექტორი, რუსეთის ხელოვნებათა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ წერეთელი,  თბილისში არსებული ბევრი ცნობილი ძეგლის ავტორია. მათ შორის არის, დედაქალაქის შემოსასვლელში მდგარი „წმინდა ნინოს მონუმენტი“ და თავისუფლების მოედანზე აღმართული „წმინდა გიორგი“, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ აჩუქა საკუთარ ქალაქს.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის დროს დაღუპულთა პატივსაცემად, ზურაბ წერეთელმა ამერიკელებს 30 მეტრიანი სტელა – „გლოვის ცრემლი“ აჩუქა, რომელიც 175 ტონას იწონის და „თავისუფლების ქანდაკების“ მოპირდაპირე მხარეს, მდინარე ჰუძონის სანაპიროზე დგას.

ზურაბ წერეთლის ნამუშევრები ხშირად საზოგადოების მწვავე კრიტიკას იმსახურებს პომპეზურობისა და გარემოსთან არაპროპორციულობის გამო.

ფოტო: ანდრო ივანოვი

მსგავსი თემები