ოპოზიცია დოკუმენტს ხელს მაშინ მოაწერს, თუ ვადამდელ არჩევნებსა და „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლებაზე შეთანხმდებიან

„ევროპული საქართველო“  შარლ მიშელის მონაწილეობით შექმნილ დოკუმენტზე ხელმოწერისთვის 2 ძირითადი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვს. ეს საკითხებია – ე.წ. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ხელმძღვანელი გიგა ბოკერია აცხადებს, ევროპელების წნეხის ქვეშ „ოცნებამ“ უკან დაიხია, თუმცა, ეს საკმარისი არ არის.

„წარმოდგენილი გეგმიდან სამ პუნქტზე რომ შეჯერდა პოზიციები, ეს გასაგებია. არის კიდევ  ორი პუნქტი, რაზეც ჯერ შეჯერებული არ არის. ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ჩვენ უნდა ვნახოთ, რომ ისინი არიან თავისუფლები და ვადამდელ არჩევნები. ჩვენ გვაქვს მყარი პოზიცია, ან პირდაპირ ვადამდელ არჩევნებზე უნდა შევთანხმდეთ, ან უნდა იყოს პლებისციტი, სადაც უმრავლესობა წყვეტს, იყოს თუ არა ვადამდელი არჩევნები“ – აცხადებს ბოკერია.

მისივე შეფასებით, თალაკვაძის მხრიდან გაჟღერებული 40%-იანი ზღვარი მნიშვნელოვანი არ არის.   

შეგახსენებთ, რომ არჩილ თალაკვაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს  ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს და ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ მზადააა, თვითმმართველობის არჩევნებშიც 40%-იანი პრინციპი აამოქმედოს და თუ მაჩვენებელს ვერ მიაღწევს, განიხილოს ოპოზიციის წინადადება ვადამდელ არჩევნებზე.

მსგავსი თემები