სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას საჩივარი დუშვებლად ცნო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის სააპელაციო საჩივარი, გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო, დაუშვებლად ცნო.

„სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ შეამოწმა საჩივრის შესაბამისობა დასაშვებობისთვის კანონით დადგენილ მოთხოვნებთან და სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლით დაადგინა, რომ ბრალდებულ ნიკა გვარამიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილია 2019 წლის 11 აგვისტოს 01 საათსა და 30 წუთზე და შესაბამისად, მისი სააპელაციო სასამართლოში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 48 საათიანი ვადა ამოიწურა 2019 წლის 13 აგვისტოს 01 საათსა 30 წუთზე. ბრალდებულ ნიკა გვარამიას ინტერესების დამცველი ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის მიერ განჩინების გამომტან თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივარი შეტანილია 2019 წლის 13 აგვისტოს 17 საათზე და 39 წუთზე, ანუ გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი 48 საათიანი ვადის გასვლის შემდეგ, 16 საათის დაგვიანებით“, – ნათქვამია სააპელაციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიებად 40 ათასლარიანი გირაო შეეფარდა და საქართველოს საზღვრის დატოვება შეეზღუდა.

პროკურატურა ნიკა გვარამიას საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მსგავსი თემები